მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ოცნების" FARA-ს აღმსრულებელი ანტიკორუფციული ბიურო იქნება

გორდულაძე

"ქართული ოცნების" ერთპარტიული პარლამენტი დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე FARA-ს [უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტს] განიხილავს.

პროექტის ინიციატორთა განცხადებით, მათ მიერ წარდგენილია აშშ-ში მოქმედი FARA-ს პირდაპირი, სიტყვასიტყვითი თარგმანია და ახლა, მისი ქართულ რეალობაზე მორგება მიმდინარეობს.

კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძის თქმით, აღმსრულებელი ანტიკორუფციული ბიურო იქნება.

„ამერიკის შეერთებულ შტატებში „ფარას“ აღსრულებას უზრუნველყოფს იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ქართულ რეალობაში ასეთი, ფიზიკურად, არავინ არ არის, მაგრამ მთელი რიგი უფლებამოსილებები სხვადასხვა სამინისტროებსა თუ სახელმწიფო ორგანოებს შორის არის განაწილებული. საქართველოს რეალობიდან გამომდინარე კოლეგებო, გთავაზობთ, რომ აღმასრულებელი ამ კანონისა იყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ანტიკორუფციული ბიურო და ანტიკორუფციულმა ბიურომ უზრუნველყოს კანონით გათვალისწინებული თითოეული დებულების აღსრულება და კონტროლი.

რა თქმა უნდა, ჩვენს კანონში ვერ გვექნება კუბაზე, ჰავანაზე და სხვა საგარეო სამინისტროების მიერ მიღებულ აქტებზე [ჩანაწერი] და ასეთი ჩანაწერები, რა თქმა უნდა, ამოღებული იქნება საქართველოს კანონიდან. იმედია, ახლა მაინც არ იტყვიან ეს ადამიანები, რომ ასეთი ჩანაწერები რომ ამოვიღეთ, ეს ზუსტად ამერიკული „ფარა“ არ არის. დარწმუნებული ვარ, რომ იტყვიან. ადამიანებს, რომლებსაც შუბლის ძარღვი აქვთ გაწყვეტილი, მათ შორის, ამის თქმაც არ მოერიდებათ. მაგრამ დიახ, სადაც მითითებულია მაგალითად, „კონგრესის ბიბლიოთეკა“, ჩვენს შემთხვევაში კონგრესის ბიბლიოთეკა არ ეწერება, რა თქმა უნდა. ჩვენს კანონში არც შეერთებული შტატების განმარტება არ იქნება ტერმინთა განმარტებაში წარმოდგენილი,“ - განაცხადა გორდულაძემ.

მისივე თქმით, ამერიკულ FARA-ში სანქცია 10 000 დოლარი და/ან თავისუფლების აღკვეთაა, რაც საქართველოში 10 000 ლარი და თავისუფლების აღკვეთით ჩანაცვლდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები