"საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის" (სიფა) წევრი და ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის საბჭოს წევრობის კანდიდატი, ირაკლი გაფრინდაშვილი მიიჩნევს, რომ ადვოკატთა ასოციაციას მკაფიო პოზიცია უნდა დაეფიქსირებინა იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც "ქართულმა ოცნებამ" ბოლო პერიოდში მიიღო, მათ შორის გრანტების თუ მაუწყებლობის შესახებ კანონებში.
გაფრინდაშვილის აზრით, ასოციაციამ უნდა დაიცვას თავისი წევრების ინტერესები, რომლებიც დასაქმებულები იყვნენ სწორედ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებში, რომლებსაც ახალმა კანონებმა დაფინანსების წყაროები ჩაუკეტა. ამის შესახებ სიფა-ს წევრმა "ანალიტიკას" ეთერში ისაუბრა.
"ადვოკატთა ასოციაცია, პირველ რიგში, არის პროფესიული გაერთიანება და მისი წევრების ინტერესებიდან უნდა ამოდიოდეს, ხომ? გამომდინარე იქიდან, რომ არაერთი ადვოკატი საქმიანობდა არასამთავრობო ორგანიზაციებში, საიაში თუ სხვა უფლებადამცველ ორგანიზაციებში, რომლებიც ფაქტობრივად გაჩერდნენ და დაიხურნენ, გრანტების შეზღუდვის და დაფინანსებების გაჩერების გამო, რა თქმა უნდა, ადვოკატთა ასოციაციას უნდა დაეფიქსირებინა ძალიან მკაფიო პოზიცია, რომ ეს, როგორც მინიმუმ, არ უნდა შეხებოდა ისეთი ტიპის საქმიანობას, როგორიც იყო უფლებების დაცვა. მით უმეტეს, ეს ორგანიზაციები და გრანტები ეხებოდა ისეთ სოციალურ ფენას, რომელსაც არ აქვს საშუალება ფასიანი ადვოკატის სერვისი მიიღოს. ეს ადვოკატები დარჩნენ უსამსახუროდ და ამაზე არანაირი რეაგირება, არანაირი განცხადება არ ყოფილა", - ამბობს ირაკლი გაფრინდაშვილი.
გაფრინდაშვილი თვლის, რომ მიზეზი, რის გამოც ადვოკატთა ასოციაციას პოზიცია ამ დრომდე არ დაუფიქსირებია, ერთპიროვნული მმართველობაა.
"ერთპიროვნული მმართველობის სისტემა არის ამისი ამოსავალი ჩემი აზრით და ის, რომ ერთი გუნდის მართვის ქვეშ არის ადვოკატთა ასოციაცია. წლებია ეს გრძელდება და იქ არ ისმის სხვადასხვა მხარის, განსხვავებული აზრის მქონე ადვოკატების პოზიციები. იქ რომ ყოფილიყო გუნდური კოალიციური მმართველობა და უმრავლესობას გადაეწყვიტა, რომ აუცილებელია ამ საკითხზე ადვოკატთა ასოციაციამ დააფიქსიროს მკაფიო პოზიცია, ასოციაციის თავმჯდომარე ვინც არ უნდა ყოფილიყო და რა პოზიციაც არ უნდა ჰქონოდა ამ ერთ ადამიანს, აღმასრულებელი საბჭო მაინც მიიღებდა გადაწყვეტილებას და გაკეთდებოდა ძალიან მკაფიო განცხადება, რათა ისევ და ისევ თავისი წევრი ადვოკატები დაეცვათ და გაემხნევებინათ", - ამბობს ასოციაციის ეთიკის საბჭოს წევრობის კანდიდატი.
სეფა-ს წევრი იურისტი BMG-ის ეთერში უშუალოდ აფასებს "ოცნების" მიერ მიღებულ კანონებსაც და აღნიშნავს, რომ შეზღუდვები, რომლებიც მმართველმა პარტიამ მშვიდობიან დემონსტრანტებს დაუწესა, არაპროპორციულია.
"რაც შეეხება კანონმდებლობას, ის შეზღუდვები, რაც არის, რა თქმა უნდა, არაპროპორციულია. კანონები და ის სანქციები, რაც ზოგადად სამართალდარღვევას უნდა მოსდევდეს, უნდა იყოს პროპორციული. არ შეიძლება, რომ პირბადის ტარებისთვის თუ საპროტესტო მსვლელობის დროს გზის გადაკეტვისთვის იყოს ჯარიმა 5000 ლარი და მაგალითად, ტყის უკანონო ჭრისთვის 500 ლარი, როცა ეს გაცილებით დიდ ზიანს აყენებს საზოგადოებას და სახელმწიფოს, ვიდრე პოლიტიკური პროტესტის ფარგლებში გზის გადაკეტვა, როგორც მაგალითი.
რა თქმა უნდა, პროპორციულობა ამ და ბევრ შემთხვევაში დარღვეულია და ეს საკითხი ასევე უნდა იდგეს დღის წესრიგში, რადგან ეს კანონმდებლობის ნაწილი გახდა და, როგორც აღვნიშნეთ, უკვე ადვოკატთა ასოციაციამ, როგორც იურისტების ყველაზე დიდმა გაერთიანებამ, ამ საკითხზეც ასევე უნდა დააფიქსიროს შიგადაშიგ თავისი პოზიცია", - ამბობს ირაკლი გაფრინდაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 13-14 დეკემბერს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება გაიმართება. მმართველი ორგანოების არჩევნები 14 დეკემბერს არის დაგეგმილი.
სიფა-ს გადაწყვეტილებით, ორგანიზაცია ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებში ერთვება და საბჭოებსა და კომისიებში 19 კანდიდატს წარადგენს. როგორც თავად ამბობენ, სიფა-ს მიზანია შეიქმნას გარემო, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება გამჭვირვალედ, პროფესიონალების მიერ, კოლეგიურად და არა ერთპიროვნულად. ორგანიზაცია არ წარადგენს თავმჯდომარეობის კანდიდატურას.




























