მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ოცნების" ხელისუფლების არაღიარება და ივანიშვილის გარემოცვის სანქცირება - ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო

ბიძინა ივანიშვილი

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელიც არ ცნობს 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს, მოითხოვს ახალ არჩევნებს, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, რეპრესიული კანონების გაუქმებას და მოწოდებას აკეთებს ბიძინა ივანიშვილის, ასევე მისი გარემოცვის სანქცირებაზე.

საქართველოში პოლიტიკური ვითარების შემდგომი გაუარესების შესახებ 5 პოლიტიკური ჯგუფის (Verts/ALE, EPP, S&D, ECR, Renew) ერთობლივი რეზოლუცია ევროპარლამენტმა 400 ხმით მიიღო, 63 ევროპარლამენტარი წინააღმდეგი იყო, ხოლო 81-მა თავი შეიკავა.

საგულისხმოა, რომ თავდაპირველად საქართველოზე რეზოლუცია 7-მა პოლიტიკურმა ჯგუფმა მოამზადა, თუმცა საბოლოოდ 5 ჯგუფი ერთობლივ ტექსტზე შეთანხმდა, რომელიც 28 პუნქტს მოიცავს.

საგულისხმოა, რომ ევროპარლამეტნის მიერ აქამდე მიღებული რეზოლუციებისგან განსხვავებით, გაფართოვდა იმ პირთა ჩამონათვალი, ვისი პერსონალური სანქცირების მოწოდებაცაა, მათ შორის კი მოხვდნენ კომუნიკაციების კომისიის და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელები, ბიზნესმენები ივანიშვილის გარემოცვიდან, ასევე სახელისუფლებო მედიებთან დაკავშირებული პირები.

უფრო დეტალურად, რეზოლუცია მოუწოდებს საბჭოს და წევრ სახელმწიფოებს, განსაკუთრებით EU25-ს, ორმხრივ და კოორდინირებულ საფუძველზე, დაუყოვნებლივი და მიზანმიმართული პერსონალური სანქციები დაუწესონ ბიძინა ივანიშვილს, მის ოჯახს და კომპანიებს და გაყინონ მისი მთელი ქონება ევროკავშირში. მოუწოდებს საფრანგეთის მთავრობას, ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის ორდენი ჩამოართვას და დააწესოს ინდივიდუალური სანქციები.

ამასთან, მოუწოდებს საბჭოს და წევრ ქვეყნებს, სანქციები დაუწესონ ბიძინა ივანიშვილის ქსელს, ელიტარულ გარემოცვას, კორუმპირებულ ფინანსურ ოპერატორებს, პროპაგანდისტებს და რეპრესიული სახელმწიფო აპარატის ხელშემწყობებს, მათ შორის: ეკატერინე ხვედელიძეს, უტა, ალექსანდრე, ცოტნე, ბერა და გვანცა ივანიშვილებს, შმაგი კობახიძეს, უჩა მამაცაშვილს, ნათია თურნავას, ვანო ჩხარტიშვილს, სულხან პაპაშვილს, გიორგი კაპანაძეს, თორნიკე რიჟვაძეს, ილია წულაიას, კახა ბექაურს, ლაშა ნაცვლიშვილს, ვასილ მაღლაფერიძეს, გრიგოლ ლილუაშვილს, მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი რუხაძეს, თინათინ ბერძენიშვილს, თამაზ გაიაშვილს, ანტონ ობოლაშვილს და გოჩა ენუქიძეს.

რეზოლუცია გმობს „ქართული ოცნების“ ქმედებებს და მოუწოდებს მათ, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკური ოპონენტების და მედიის წარმომადგენლების ძალადობრივი რეპრესიები. საქართველოს განიხილავს, როგორც „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური რეჟიმის მიერ მიტაცებულ სახელმწიფოს.

რეზოლუცია არ ცნობს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, რამდენადაც არ იყო თავისუფალი და სამართლიანი, ჩატარდა დემოკრატიული ნორმების დარღვევით და არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. რეზოლუციის ერთ-ერტი პუნქტი მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, ასევე ეროვნულ პარლამენტებსა და საპარლამენტთაშორისო ინსტიტუტებს, არ აღიარონ "ქართული ოცნების" ერთპარტიული პარლამენტისა და მათი დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმაცია. ამიტომ მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას შეუერთდეს საქართველოს თვითგამოცხადებული ხელისუფლების ბოიკოტს.

"აგრძელებს სალომე ზურაბიშვილის საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად და ქართველი ხალხის წარმომადგენლად აღიარებას. აფასებს მის ძალისხმევას ქვეყნის მშვიდობიანად დაბრუნებისთვის განვითარების დემოკრატიული და ევროპული გზისკენ. მოუწოდებს ევროპის საბჭოს პრეზიდენტს, მოიწვიოს პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რათა წარმოადგინოს საქართველო ევროპის საბჭოს მომავალ სხდომაზე და ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მომავალ სამიტზე",- წერია რეზოლუციაში.

ამასთან, ხაზს უსვამს, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისის დარეგულირება შესაძლებელია მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების გზით. მოითხოვს, რომ საქართველოში ჩატარდეს ახალი არჩევნები მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის ზედამხედველობით და გულმოდგინე საერთაშორისო დაკვირვების ქვეშ.

მიიჩნევს, რომ ევროკავშირის მიერ აქამდე მიღებული ზომები დემოკრატიის აშკარა უკანდახევისა და წინა ვალდებულებების უგულებელყოფის საპასუხოდ, ჯერ კიდევ არ ასახავს საქართველოში არსებული სიტუაციის სიმძიმეს. მიესალმება საბჭოს გადაწყვეტილებას ქართველი დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ, მაგრამ მიიჩნევს, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია, რომელსაც უნდა მოჰყვეს უფრო მკაცრი ზომები. ხაზს უსვამს, რომ ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ვიზალიბერალიზაციის პირობებისთვის. იმეორებს მოწოდებას კომისიისა და საბჭოსადმი, გადახედონ საქართველოს უვიზო სტატუსს, შეჩერების შესაძლებლობით, თუ ჩაითვლება, რომ ევროკავშირის სტანდარტები დემოკრატიული მმართველობისა და თავისუფლებების შესახებ არაა დაცული.

კატეგორიულად გმობს 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ სასტიკ ძალადობასა და რეპრესიებს. მოუწოდებს, დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი და ანტისამთავრობო აქციების დროს დაკავებულები. ითხოვს ჟურნალისტ მზია ამაღლობელის გათავისუფლებას, რომელიც უკვე ოთხ კვირაზე მეტია შიმშილობს უსამართლო დაკავების გამო.

იმეორებს თავის სოლიდარობას საქართველოს მოსახლეობის და სამოქალაქო საზოგადოებისადმი ბრძოლაში მათი ლეგიტიმური დემოკრატიული უფლებებისთვის და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. მოუწოდებს საქართველოს მთავრობას შეცვალოს მიმდინარე პოლიტიკური კურსი და დაუბრუნდეს ქართველი ხალხის ნების აღსრულებას დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებისთვის, რაც ხელახლა გახსნის ევროკავშირში მომავალი წევრობის პერსპექტივას.

კატეგორიულად გმობს დრაკონული კანონმდებლობის ამოქმედებას, რომელიც აწესებს დაუსაბუთებელ შეზღუდვებს გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებებზე და მოითხოვს ბოლო დროს მიღებული ასეთი რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმებას.

მოუწოდებს „საქართველოს ხელისუფლებას“ დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ჟურნალისტების უსაფრთხოებისა და თავისუფლების უზრუნველსაყოფად და გამოიძიოს ძალადობისა და გადაცდომის ფაქტები სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან.

"მოითხოვს დამოუკიდებელ, გამჭვირვალე და მიუკერძოებელ გამოძიებას პოლიციის სისასტიკისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალის გადამეტებული გამოყენების შესახებ",- წელია რეზოლუციაში.

გმობს ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და საერთაშორისო დონორების შეურაცხყოფის კამპანიას.

მოწოდებას აკეთებს საქართველოს მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის დაუყოვნებლივ და ყოვლისმომცველ აუდიტზე, დემოკრატიული უკუსვლის გამო. მოუწოდებს კომისიას, გადახედოს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმებას საქართველოს თვითგამოცხადებული ხელისუფლების მიერ იმ ზოგადი პრინციპების დარღვევის ფონზე, რომლებიცაა დემოკრატიული პრინციპები, კანონის უზენაესობა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემა. აღნიშნავს, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს ეკონომიკური თანამშრომლობის და შეთანხმებით გათვალისწინებული პრივილეგიების პირობითი შეჩერება.

მოუწოდებს კომისიას შეწყვიტოს ყველა ფინანსური მხარდაჭერა მიმდინარე პროექტებისთვის და კავშირის სფეროში ყველა საინვესტიციო პროექტზე მორატორიუმი გამოაცხადოს. ასევე, დაიწყოს ოლიგარქიული ინტერესების შესაბამისი ეკონომიკური სექტორების იდენტიფიცირება შემაკავებელი ზომების ან ეკონომიკური სანქციების შესაძლო დაწესების მიზნით.

მოუწოდებს კომისიას, სწრაფად გადაამისამართოს გაყინული 120 მილიონი ევრო, რომელიც თავდაპირველად საქართველოს ხელისუფლების მხარდასაჭერად იყო განკუთვნილი, რათა გააძლიეროს ევროკავშირის მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ.

გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ქვეყანაში რუსეთის მზარდი გავლენის გამო და "ქართული ოცნების" მთავრობის ქმედებებზე, რომლებიც რუსეთთან თანამშრომლობის ზრდას ემსახურება. ასევე, გმობს "ქართული ოცნების" წარმომადგენლების ანტიდასავლურ რიტორიკას სტრატეგიული პარტნიორების მიმართ და რუსული დეზინფორმაციისა ხელშეწყობას.

იმეორებს მოთხოვნას ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ ჰუმანიტარული (საზღვარგარეთ მკურნალობის) ნიშნით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები