მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ოცნების" მთავრობამ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოსთვის გამოყოფილი თანხის მოცულობა გაზარდა

გრანტების მართვის სააგენტო

"ქართული ოცნების" მთავრობამ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოსთვის გამოყოფილი თანხის მოცულობა გაზარდა. ამის შესახებ 30 ივნისის მთავრობის 1052-ე განკარგულებიდან ირკვევა, რომლის მიხედვითაც ცვლილება შევიდა 20 მაისის 874-ე განკარგულებაში.

შედეგად ახლად შექმნილ უწყებას პირველად განსაზღვრულ თანხაზე 304 272 ლარით მეტი გამოეყოფა და სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს მთავრობა ჯამში 814 472 ლარს გამოუყოფს.

20 მაისის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ სააგენტოს მიზანი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან, პრიორიტეტული მიმართულებებითა და მიზნობრივი პროგრამების შესაბამისად გრანტების გაცემის გზით საქართველოში რეგისტრირებული და მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერაა.

როგორც ცნობილია, გრანტის მართვის სააგენტოს წლევანდელი ბიუჯეტი 20 მლნ ლარი იქნება. სააგენტომ ის ორგანიზაციები უნდა დააფინანსოს, რომელთა "საქმიანობის მიმართულებები თანხვედრაში იქნება ქვეყნის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებთან".

სსიპ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარედ თამარ ზოდელავა მიმდინარე წელს დაინიშნა. "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრის შესაბამისი ბრძანება 22 აპრილს გამოიცა. სააგენტო ახალი სსიპ-ია, რომელიც NGO-ების ბიუჯეტიდან დაფინანსებისთვის შეიქმნა და მთავრობას დაექვემდებარება.

როგორც BM.GE-ის ივნისში სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოში განუცხადეს, სააგენტო ამ ეტაპზე ფორმირების ეტაპზეა და უახლოეს მომავალში სააგენტო მისი ფუნქციის სრულყოფილად განხორციელებას უზრუნველყოფს.

სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს უფროსის ხელფასი 10 585 ლარი იქნება, მოადგილის–8 760 - განკარგულება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები