"ოცნების" პარლამენტმა დიპლომატიური სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა.
ინიცირებული ცვლილებები კანონმდებლებმა ერთხმად დაჩქარებული წესით — ორ დღეში განიხილეს და მიიღეს.
ძირითადი ცვლილებები:
დიპლომატიური სამსახურის ფასეულობებს ემატება:
- სამსახურებრივი უფლებამოსილების კეთილსინდისიერად შესრულება;
- დიპლომატიური სამსახურის პრინციპებისა და საჯარო ინტერესების დაცვა;
- ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განუხრელი დაცვა.
დიპლომატიური თანამდებობის პირის ვადამდე გაწვევის საფუძვლად
განისაზღვრება მინისტრის მიერ დამტკიცებული ქცევის წესების დარღვევა, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის ინტერესების ან/და იმიჯის შელახვა.
შეფასების პროცედურა მკაცრდება – დიპლომატიური თანამდებობის პირებსა და ადმინისტრაციულ პერსონალს წელიწადში ორჯერ შეაფასებენ. მოქმედი კანონით შეფასება მხოლოდ ერთხელ ტარდება. ორი არადამაკმაყოფილებელი შეფასების შემთხვევაში გათავისუფლება შესაძლებელია.
როტაციის ვადის გაგრძელება: დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელებისთვის, დიპლომატიური თანამდებობის პირებისა და ადმინისტრაციული პერსონალისთვის როტაციის ვადის გაგრძელება შესაძლებელი იქნება 6 თვის ნაცვლად 1 წლით.
ცვლილებების განხილვა მას შემდეგ დაიწყო, რაც 2025 წლის 1 მაისს ცნობილი გახდა, რომ საგარეო უწყებაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს. თანამშრომლებს გადაეცათ ახალი სტრუქტურული სქემა და რეორგანიზაციის ბრძანება.