მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ოცნების“ პოლიტიკის გამო, EU-ში უნდა ვიმსჯელოთ საქართველოს გაწევრიანების პროცესის ოფიციალურად შეჩერებაზე - ბერბოკი

ანელინა ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი სოციალურ ქსელში საქართველოს შესახებ წერს. ის თბილისში გამართული აქციებიდან აქვეყნებს ფოტოებს და აღნიშნავს, რომ კვირების განმავლობაში ათიათასობით ქართველი გაბედულად აწყობდა დემონსტრაციას თავისი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.

ის აღნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიზანმიმართულად შეაჩერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი.

"საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობას სურს, რომ მათმა ქვეყანამ გააგრძელოს ევროპული გზა. ისინი საკუთარ გულებში ატარებენ ევროპას, პროტესტი მათი ხმაა. მაგრამ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პასუხისმგებელი პირები დაშინებით, ძალადობითა და წყლის ჭავლით პასუხობენ.

2023 წლის დეკემბერში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება რეფორმების მკაფიო დაპირებებს უკავშირდებოდა. თუმცა, თავისი ანტიევროპული შემობრუნებით, LGBTQI ადამიანების უფლებების შეზღუდვით, ე.წ. „გამჭვირვალობის კანონით“ და მრავალი სხვა, „ქართულმა ოცნებამ“ მიზანმიმართულად შეაჩერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი",- წერს ბერბოკი.

ის აღნიშნავს, რომ ამ ფონზე, ახლა ევროკავშირში უნდა იმსჯელონ საქართველოს გაწევრიანების პროცესის ოფიციალურად შეჩერებაზე.

"შედეგად, ჩვენ შევამცირეთ ჩვენი თანამშრომლობა ქვეყნის ხელისუფლებასთან და შევაჩერეთ 200 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების მხარდაჭერის პროექტები. „ქართული ოცნების“ მზარდი ავტორიტარული პოლიტიკის გამო, ჩვენ ევროკავშირშიც ახლა უნდა ვიმსჯელოთ საქართველოს გაწევრიანების პროცესის ოფიციალურად შეჩერებაზე.

„ქართული ოცნების“ პასუხისმგებელ პირებს ევალებათ ხალხის ევროპული ოცნებები რეალობად აქციონ და ყველაფერი გააკეთონ ნდობის აღსადგენად და ღრმა პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად - ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დასაბრუნებლად, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ყველა ქართველის უკეთესი მომავლისთვის",- აღნიშნავს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები