ბათუმში, ე.წ. „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე, მუნიციპალური ინსპექცია ბარაკული ტიპის საცხოვრებელი ფართების დემონტაჟს ახორციელებს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა იგეგმება.
უწყების განმარტებით, 4 667,6 კვ.მ მიწის ფართობზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, სრულად ადაპტირებული საბავშვო ბაღი აშენდება, რომელიც 300 ბავშვს მოემსახურება. მერიაში აცხადებენ, რომ პროექტი მნიშვნელოვანია სკოლამდელი აღზრდის ხელმისაწვდომობის გაზრდისა და იმ ოჯახების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, რომლებიც წლებია ახალ ბაღს ელოდებიან.
მერიის განცხადებით, სამშენებლო ტერიტორიაზე მცხოვრები 34 ოჯახი უწყებამ ქირით უზრუნველყო, ხოლო დარჩენილ ორ ოჯახს სახელმწიფომ საცხოვრებელი ბინები გადასცა, თუმცა მათ ტერიტორია მაინც არ გაათავისუფლეს.
„აღნიშნულ ორ ოჯახთან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა კომუნიკაცია და მოლაპარაკებები, რათა საკითხი ურთიერთშეთანხმების გზით გადაწყვეტილიყო. შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა, რის გამოც, კანონმდებლობით დადგენილ პროცედურებსა და შესაბამის სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, მუნიციპალური ინსპექციის მიერ მიმდინარეობს ტერიტორიის გათავისუფლება“, - აცხადებენ ბათუმის მერიაში.
მუნიციპალიტეტში აღნიშნავენ, რომ დემონტაჟის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც „საკითხის შეთანხმების გზით დარეგულირების ყველა შესაძლებლობა ამოიწურა“. მერიის მტკიცებით, მათთვის მნიშვნელოვანია როგორც მოქალაქეთა უფლებების დაცვა, ისე საზოგადოებრივი პროექტების დროულად განხორციელება.

























