საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საკონსტიტუციო სამართალწარმოების გუნდის ხელმძღვანელის გიორგი გოცირიძის შეფასებით, „ქართული ოცნების“ რეპრესიული კანონების გამო, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა მილევად რეჟიმშია.
გიორგი გოცირიძე, რომელიც 2003 წლიდანაა სამოქალაქო სექტორში, ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს მძიმე პერიოდები ჰქონიათ, მაგრამ ასეთი - არა.
„არასოდეს ყოფილა იმის განცდა, რომ ვართ მილევად რეჟიმში და არასამთავრობო სექტორი ნადგურდება. დღეს ეს განცდა არსებობს. რეპრესიული კანონების გამო, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა ნამდვილად მილევად რეჟიმშია, რადგან თუ გრანტები და შესაბამისად, ფინანსური სახსრები არ იქნება, ჩვენ მოქალაქეებს ვერ მოვემსახურებით და ბუნებრივია, ეს განცდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ფუნქციონირება დღეს თუ არა, ხვალ მაინც დასრულდება, ეს განცდა არსებობს და თუ მეკითხებით, რომ როდისმე გვქონია თუ არა ეს განცდა - არა. შეიძლება, გვქონია ფიზიკური უსაფრთხოების განცდა წინა წლებში, მაგრამ ის განცდა, რომ ხვალ შეიძლება აღარ ვიმუშაოთ, ასეთი განცდა არ გვქონია“, - განაცხადა გიორგი გოცირიძემ.
საიას საკონსტიტუციო სამართალწარმოების გუნდის ხელმძღვანელს ვკითხეთ - რა სჭირდება ქვეყანას იმისთვის, რომ როგორც დემოკრატიული სახელმწიფო გადარჩეს.
„პირველ რიგში, მოქმედი კანონმდებლობის რეპრესიულად აღსრულების შეჩერება და რეპრესიული კანონების გაუქმება... დღეს, ყველა ჩვენგანი ერთი დიდი რეპრესიული კანონმდებლობის მსხვერპლი ვართ და ეს მხოლოდ არასამთავრობო სექტორს და მედიას არ ეხება. ამდენად, რეპრესიებს წერტილი უნდა დაესვას“, - განაცხადა გიორგი გოცირიძემ.
ცნობისთვის: ბოლო ერთი წლის განმავლობაში მმართველმა პარტიამ არაერთი კანონი მიიღო, რომლითაც არასამთავრობოების საქმიანობა მკვეთრად შეიზღუდა. მათ შორისაა: ე.წ. "ქართული FARA", "რუსული კანონი" და ასევე, "გრანტების შესახებ კანონში" შევიდა ცვლილებები, რითაც არასამთავრობო სექტორს მთავრობის ნებართვის გარეშე გრანტების მიღება აეკრძალათ.




























