"ოცნების" პარლამენტში "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი" დარეგისტრირდა, რომელზედაც პარტია ამბობს, რომ ამერიკული FARA-ს პირდაპირი თარგმანია. რეგისტრაცია დღეს ბიუროს სხდომაზე მოხდა. კანონის პროექტი ჯერ ატვირთული არ არის.
მომხსენებლის, იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, კანონი გარკვეულ შინაარსობრივ და ტექნიკურ უზუსტობებს შეიცავს, რაც საქართველოსა და აშშ-ის მმართველობითი სტრუქტურების განსხვავებითაა განპირობებული.
“კანონის აღსრულების პროცესში მონაწილე სახელმწიფო ორგანოები და თანამდებობის პირები, რომლებიც აშშ-ში ამ კანონისთვის არის გათვალისწინებული, ქართულ რეალობასთან შეუსაბამოა. მაგალითად, საქმე ეხება კანონში მოხსენიებულ კონგრესს, კონგრესის ბიბლიოთეკას, სახელმწიფო დეპარტამენტს, იუსტიციის დეპარტამენტს, ხაზინის მდივანს, ოლქის გენერალურ დირექტორს, აშშ-ს პრეზიდენტს და ასე შემდეგ. არის შესაბამის საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების საჭიროებაც.
ასევე, კანონს მხოლოდ ერთი - “სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილება ახლავს თან და დანარჩენი საკანონმდებლო აქტების პროექტი თანდართული არ არის. გარდა ამისა, ჩვენ ქართულ სინამდვილეში მსგავსი საკანონმდებლო აქტი გვაქვს და თუ მიზანი აღნიშნული საკანონმდებლო აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებაა, ამ საკანონმდებლო აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებაზეც კანონპროექტი უნდა იყოს თან დართული“, - განაცხადა ალექსანდრე ტაბატაძემ. მ
კანონს მხოლოდ ერთი, სისხლის სამართლის კანონპროექტი ახლავს თან.
"ოცნების" იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, არჩილ გორდულაძემ თქვა, რომ სახდელები და სასჯელებიც ზუსტი თარგმანია და იქნება ზუსტად ისეთი, როგორიც აშშ-შია.
"პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული გუნდის მიერ, რომ ამერიკული კანონის სიტყვა სიტყვით თარგმანი დარეგისტრირებულიყო, იმისთვის, რომ მერე აღარ იყოს თარგმანზე დაკარგვის მცდელობაც კი. რა თქმა უნდა, ამას დასჭირდება ცვლილებები რიგ კანონებში.
ვინმეს თუ რამე პრობლემა და პრეტენზია აქვს თარგმანზე, კი ბატონო, აქ ვართ და წარმოადგინონ უკეთესი თარგმანი. რაც შეეხება აღმასრულებელ ორგანოებს, ჩვენი რეალობიდან გამომდინარე იქნება ცვლილება საჭირო, რადგან პრეზიდენტი და დეპარტამენტის ხელმძღვანელიც კი პირდაპირ ვთარგმნეთ ქართულად, რომ ინსინუაციები არ გამოიწვიოს", - განაცხადა გორდულაძემ.
“უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ სამსჯელოდ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა.




























