ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სსიპ "ოუფენ ნეტი" ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში, კუმისი-მარნეული-წალკას ინტერნეტიზაციის პროექტის განხორციელებისთვის 12.5 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.
აღწერის თანახმად, კონტრაქტორმა კომპანიამ წალკა-ახალქალაქი-ახალციხის მუნიციპალიტეტებში ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა უნდა შექმნას. ტენდერში კომპანიებს წინადადებების დაფიქსირება 2026 წლის 17 თებერვლამდე შეეძლებათ.
წელს ინტერნეტიზაციის პროექტის დასრულების თარიღი 2 წლით გახანგრძლივდა, პროექტის ბიუჯეტი კი 40 მილიონი დოლარით გაიზარდა. შესაბამის ცვლილებას ითვალისწინებს საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკთან გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულება.
როგორც ირკვევა, რეგიონებში ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური ქსელის ასაგებად თავდაპირველად გამოყოფილი 70 მლნ ევრო (IBRD-ის და ევროპის საინვესტიციო ბანკის კრედიტი) საკმარისი არ არის.
საყოველთაო ინტერნეტიზაციისთვის ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2020 წლიდან დაიწყო და ორ ეტაპად განხორციელდა, შემდეგ კი, 2021 წლიდან, სამშენებლო სამუშაოები Log-in Georgia-ს ფარგლებში, IBRD-ის სესხის საფუძველზე გაგრძელდა. გეგმის თანახმად, 2025 წლის ბოლოსთვის სულ 5000 კმ სიგრძის ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური ინფრასტრუქტურა უნდა აშენებულიყო. ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის რუკის თანახმად, ამ დროისთვის აშენებულია 1 850 კმ.





























