მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ოუფენ ნეტმა" წალკა-ახალქალაქი-ახალციხის ინტერნეტიზაციისთვის ₾22-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

ინტერნეტიზაცია

ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სსიპ "ოუფენ ნეტი" ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში 22 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა წალკა-ახალქალაქი-ახალციხის ინტერნეტიზაციის პროექტის განხორციელებისთვის. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.

აღწერის თანახმად, კონტრაქტორმა კომპანიამ წალკა-ახალქალაქი-ახალციხის მუნიციპალიტეტებში ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა უნდა შექმნას. ტენდერში კომპანიებს წინადადებების დაფიქსირება 2026 წლის 16 იანვრამდე შეეძლებათ.

2025 წლის ბიუჯეტით საყოველთაო ინტერნეტიზაციაზე 53 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმებოდა, თუმცა 10 თვეში ფაქტობრივი ათვისება მხოლოდ 25 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც 53%-ია. შესრულების დაბალი მაჩვენებელი საპროექტო, სამშენებლო და სატენდერო პროცესის გეგმასთან შედარებით ნელი ტემპით მიმდინარეობასთან არის დაკავშირებული.

ამასთან, წელს ინტერნეტიზაციის პროექტის დასრულების თარიღი 2 წლით გახანგრძლივდა, პროექტის ბიუჯეტი კი 40 მილიონი დოლარით გაიზარდა. შესაბამის ცვლილებას ითვალისწინებს საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკთან გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულება.

როგორც ირკვევა, რეგიონებში ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური ქსელის ასაგებად თავდაპირველად გამოყოფილი 70 მლნ ევრო (IBRD-ის და ევროპის საინვესტიციო ბანკის კრედიტი) საკმარისი არ არის.

საყოველთაო ინტერნეტიზაციისთვის ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2020 წლიდან დაიწყო და ორ ეტაპად განხორციელდა, შემდეგ კი, 2021 წლიდან, სამშენებლო სამუშაოები Log-in Georgia-ს ფარგლებში, IBRD-ის სესხის საფუძველზე გაგრძელდა. გეგმის თანახმად, 2025 წლის ბოლოსთვის სულ 5000 კმ სიგრძის ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური ინფრასტრუქტურა უნდა აშენებულიყო. ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის რუკის თანახმად, ამ დროისთვის აშენებულია 1 850 კმ.

წალკა-ახალქალაქი-ახალციხის ინტერნეტიზაციის რუკა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები