OXFAM-ის მორიგი კვლევის პრეზენტაცია გაიმართა, რომლის ამოცანაც არის გააანალიზოს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) გავლენა მცირე მეურნეებზე საქართველოში, - თემაზე „ოქსფამის“ ეკონომიკური პოლიტიკის პროგრამების ხელმძღვანელი ლევან დადიანი საუბრობს
-ბატონო ლევან, კვლევაში რა შესაძლო საფრთხეებზეა საუბარი, ჩვენი ბაზარი ხომ ისედაც გახსნილი იყო იმპორტისთვის, თუ არ ჩავთვლით უახლოეს პერიოდში მიღებულ აქციზის გადასახადებს. ახლა რატომ გაჩნდა ეს საფრთხე?
-საფრთხეები უშუალოდ მცირე მეურნეების კუთხიდან გაანალიზდა. გამომდინარე იქიდან, როკ მცირე მეურნეთა წვდომა ბაზრებზე დღესაც შეზღუდულია, აქ საუბარი საექსპორტო და ადგილობრივ ბაზრებზეც არის. შედარებით მაღალი ღირებულებების ბაზრებზე წვდომა ამ დრომდე შეზღუდულია. იქედან გამომდინარე, რომ მათი უმრავლესობა დღესდღეობით ვერც რაოდენობრივად და ვერც ხარისხობრივად სათანადო სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ. მეორე მომენტი ის არის, რომ ჩვენ სოფლად მოსახლეობის უმრავლესობაზე, მცირე გლეხობაზე ვსაუბრობთ. ჩვენი კვლევებით დგინდება, რომ საშუალოდ ამ კატეგორიის მეურნეთა შემოსავალი კომლზე თვეში 500 ლარს არ აღემატება. ეს სიღარიბის ზღვარზე მდგომი კატეგორიაა. ამდენად, ამ ორი ფაქტორის შეერთებით, როდესაც ძალიან მაღალ კონკურენტულ გარემოში შესვლაზე ვსაუბრობთ, როგორიც ევროკავშირის ინტეგრირებული ბაზარია, სახეზეა მიზეზები, რის გამოც ეს რთულდება.
DCFTA-ის ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილი სასურსათო უვნებლობის სტანდარტების დანერგვაა, რაც წარმოებაში დამატებით ინვესტიციებს მოითხოვს იმისთვის, რომ წარმოებამ ამ სტანდარტების უზრუნველყოფა შეძლოს. ეს რეგულაციები, რა თქმა უნდა, სავალდებულო იქნება ადგილობრივი ბაზრისთვისაც, თუმცა ეს ჯერჯერობით სავალდებულო არ არის.
-რაც გამოიწვევს ფასის ზრდას ადგილობრივი წარმოებისთვის და შესაბამისად ნაკლებად კონკურენტული იქნება ამ შემთხვევაში შემოტანილ პროდუქტთან?
-არათუ ფასის ზრდას გამოიწვევს, არამედ უბრალოდ ბაზარზე ვერ გავა იმდენად, რამდენადაც ის პროდუქცია, რასაც ის აწარმოებს სტანდარტებს არ დააკმაყოფილებს.
-საქართველოში დასაქმებულების 48% სოფლის მეურნეობაშია, საუბარია დიდ ჯგუფზე, რომელსაც მცირე, მაგრამ მაინც აქვს რაღაც შემოსავალი. რეგულაცია ჩნდება, რომელიც მათ ბაზარზე თავიანთი პროდუქტის გატანაში ხელს უშლის, თუ კი ისინი გარკვეული ხარისხის ნიშანს არ აკმაყოფილებენ. რა დრო არის საიმისოდ, რომ ამ ადამიანებმა თავიანთი შეთავაზებული პროდუქტები ან სერვისები შესაბამისობაში მოიყვანონ ევროკავშირის მოთხოვნებთან?
-სულ საუბარია 375 ერთეულ რეგულაციაზე, რომელიც ჩვენ ეტაპობრივად 2030 წლამდე უნდა მივიღოთ. დღესდღეობით 2020-წლამდე არსებული გეგმა არსებობს. ამ დრომდე 45 რეგულაცია უნდა იქნას მიღებული. ეს არის დროის ჩარჩოები. რეგულაციები ყველა ქვესექტორს ეხება, დაწყებული ცხოველური პროდუქტით და დამთავრებული მცენარეული პროდუქტით, ასევე დაწყებული ნედლეულიდან დამთავრებული გადამუშავებული პროდუქტით. ამდენად, ჩვენ სიტუაციას რაში რა დრო გვაქვს, შეგვიძლია სექტორების მიხედვითაც შევხედოთ. საბოლოოდ პროცესი 2030 წლამდე უნდა დასრულდეს. გამომდინარე იქიდან, რომ დარგი საშუალო და გრძელვადიანი ხასიათისაა, ეს საკმაოდ მცირე დროა იმ პირობებში, როდესაც დღესდღეობით მცირე გლეხობას ინვესტიციებზე კიდევ ვერ მიუწვდება ხელი.
-დასაძლევი ყველაზე დიდი პრობლემა, გამოკვეთილი ბარიერი რა იქნება, ყველაზე მეტად ფერმერებს და სახელმწიფოს ინდივიდუალურად რისი აღმოფხვრა გაუჭირდებათ?
- უვნებლობის მოთხოვნები ისეთი ხასიათისაა, რომელიც წარმოების პროცესში დამატებით ინვესტიციებს მოითხოვს ძირითად საშუალებებში. ეს ეხება სამექანიზაციო საშუალებებს, გადამამუშავებელ და სასაწყობო-სამაცივრე დანადგარებს და ა.შ. ჩვენ ENPARD-ის ფარგლებში კოოპერატივებს ვუჭერთ მხარს. 50 კოოპერატივის დაფინანსება მოხდა. ჩვენი გათვლებით, ამ სტანდარტების დანერგვა საშუალოდ 25%-30% ინვესტიციის საჭიროებას ზრდის. ამ საჭიროების დაკმაყოფილება კი ფერმერებს დამოუკიდებლად არ შეუძლიათ.
-ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი მიწათსარგებლობის უფლებაა, როგორც საქართველოს, ასევე უცხოელი მოქალაქისთვის, ამ ნაწილში რა პრობლემებს ხედავთ?
-წარმოვიდგინოთ, რომ რეგულაციების მთელი პაკეტი მიღებული იქნა და ჩვენი გლეხობა ამ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. ეს კი მსხვილი კორპორაციების სოფლად მიძალების პროცესს გამოიწვევს და გლეხობა იძულებული გახდება იმ მიწებიდან გამოიდევნოს. პროცესი ახლაც მიმდინარეობს, სოფელი იცლება.
-რამდენად ცუდია ის, რომ სოფელი იცლება, აღვნიშნეთ, რომ ჩვენთან სოფლის მეურნეობაში 48% დასაქმებული და განვითარებულ ქვეყნებში საშუალოდ 3%-დან 5%-მდეა...
-ეს პროპორციებია, აბსოლუტურ გამოხატულებაში, მაგალითად ჰოლანდიის შემთხვევაში 2% იმიტომ არის, რომ მთლიან შიდა პროდუქტში სხვა დარგები მეტად არის განვითარებული.
-ჩვენ ბევრი წვრილი მეწარმე გვყავს, რომლებიც კოოპერატივებში არ ერთიანდებიან, მსგავსი სისტემების მიმართ უნდობლობა აქვთ და ერთიან სტანდარტიზებულ პროდუქტს ვერ გვთავაზობენ. ფერმერების გამსხვილებაში პრობლემას რატომ ხედავთ?
-პრობლემა ის არის, რომ მოსახლეობის დენადობა ქალაქში სიღარიბით არის გამოწვეული. ადგილებზე საშუალება არ იქმნება, რომ სათანადო შემოსავლების გენერირება მოხდეს. ის ხალხი, რომელიც ქალაქში ჩამოდის არაკვალიფიციური მუშახელის არმიას ავსებს. ამისთვის ელიავას ბაზრობაც საკმარისზე მეტი მაგალითია. ასევე ტაქსისტების რიცხვი და სხვა. ურბანულ მდგომარეობაში სოფლის მოსახლეობის მოქცევა კიდევ უფრო მეტი გაღარიბება, უფრო მეტი ნაკლებ უპირატესი მდგომარეობაა ეკონომიკურადაც და სოციალურადაც. აქ საუბარია ინკლუზიური განვითარების პრინციპზე. ჩვენი მთავრობა თავისი სტრატეგიით ხაზგასმით აცხადებს, რომ ის მხარს ინკლუზიურ განვითარებას უჭერს, როდესაც ჩვენ ეკონომიკის ზრდაზე ვსაუბრობთ. მაგალითად, ღვინის ექსპორტი 180%-ით გაიზარდა, ინკლუზიურობის თვალსაზრისით თუ შევხედავთ, კითხვა ასე ისმევა - რა ხვედრითი წილია ამ შემოსავლებში მცირე გლეხობის? რაც 10% არ აღემატება. ეს იმიტომ, რომ ისინი თავიანთ პროდუქტზე ღირებულებას ვერ ამატებენ, გადამუშავებაზე არიან დამოკიდებული. ყოველწლიურად დილემა უდგათ, როგორ გაყიდონ თავიანთი ყურძენი. იმ შემთხვევაში თუ მხარდაჭერა მოხდება, რომ მათ კოოპერაციული განვითარების გზით გადაამუშაონ ეს ყურძენი და ღვინოდ გაყიდონ, ეს უკვე ღირებულების დამატებას, მათი შემოსავლების გაზრდასა და ნაწილის სოფლად დამაგრებას იწვევს. ის ნაწილი, რომელსაც ეს არ დააინტერესებს ან ქალაქში წამოვა, ან სხვა სერვის-სექტორებში გადავა სოფლადვე. თუ კი ჩვენ ეკონომიკის დივერსიფიკაციის მხარდაჭერაზე ვსაუბრობთ სოფლად, ჩვენ ეს პირველადი წარმოებიდან უნდა დავიწყოთ. რაც მეტი შესაძლებლობების შეთავაზებით უნდა გაიზარდოს.
-რა არის თქვენი რეკომენდაცია მათ შორის, ხელისუფლებისათვის, ჩვენ მათი პოზიცია არ ვიცით, ხელისუფლების როლი სად არის, სად ხედავთ?
-2013-2016 წლების პერიოდში ასიგნებები სოფლის მეურნეობაში 2004-2012 წლების პერიოდთან შედარებით 1000%-ით არის გაზრდილი, ანუ 10-ჯერ. ერთსა და იმავე დროს 2013-2016 წლებში თუ შევადარებთ შემოსავლების ზრდას სოფლად და მთლიან შიდა პროდუქტში სოფლის მეურნეობის ხვედრით წილს, ის მხოლოდ 0,6%-ით არის გაზრდილი. ერთი მხრივ, იმიტომ, რომ საშუალო და გრძელვადიანი ინვესტირება მოხდა და ამის ეფექტი კიდევ წამოვა და მეორე ის არის, რომ მციე გლეხობის სათანადო ჩართულობა არ მოხდა, რომელიც სოფლად შემოსავლების ზრდას გვიჩვენებდა. ამას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ძალიან კარგად აცნობიერებს, ჩვენ მუდმივი კონსულტაციების რეჟიმში ვართ. დღესდღეობით ჩვენი მთავარი საბაზისო რეკომენდაცია - სტრატეგიული დარგის გააზრება მოხდა. 2020 წლამდე კარგი სტრატეგია დევს. თუმცა ასიგნებების სათანადოდ მოდალობების განხორციელება არ მოხდა, რომელიც მცირე გლეხობის წვდომას უზრუნველყოფდა ამ ასიგნებებთან, ინვესტიციებთან და ზუსტად ეს იწვევს იმას, რომ შემოსავლების ზრდა ფაქტიურად სტაგნირებულია და თვითონ დარგის ზრდაც საკმარისი არ არის იმ ინვესტიციების ფონზე, რომლებიც ახლა ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის 10%, ეს არის ჩვენი საბაზისო რეკომენდაცია. ფულად გამოხატულებაში, აბსოლუტურ გამოხატულებაში ასიგნებები წლიურად საშუალოდ 25 მილიონი ლარია და ამას სამინისტროც ეთანხმება. ჩემთვის ცნობილია, რომ ახლა სამინისტრო რესურსების ძიების პროცესშია. იმის ილუზია არ მაქვს, რომ ეს მიმდინარე წელს მოხდება, თუმცა კარგი იქნება ამის პროგრამირება თუ მოხდება 2017 წელს, რომ 2018-2019 წლების პერიოდისთვის ეს ზრდა სახელმწიფო ბიუჯეტის 10%-ს შეადგენს.

























