მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტებს 12 ავტომანქანა უნდა მომსახურებოდათ, თუმცა მათი რიცხვი 130-ს აჭარბებდა

5c234a6784c00
თამუნა დემეტრაშვილი
26.12.18 14:16
1518
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ქალაქ ოზურგეთისა და ოზურგეთის თემის მუნიციპალიტეტებში მომსახურე ავტომანქანების გადაჭარბებული რაოდენობა აღმოაჩინა.

შემოწმების მიხედვით, რომელიც მუნიციოპალიტეტების საქმიანობის 2016-2017 წლებს მოიცავს, აღმოჩნდა, რომ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში ჰყავდა - 4, თუმცა იჯარით აყვანილი ჰყავდა 53 ავტომანქანა;

რაც შეეხება ოზურგეთის თემის მუნიციპალიტეტს, მას საკუთრებაში ჰყავდა - 7, ხოლო იჯარით აყვანილი ჰყავდა 81 ავტომანქანა.

აუდიტის სამსახურმა გაარკვია, რომ იჯარით აყვანილი ყველა მანქანა, მუნიციპალიტეტის თანამშრომლების საკუთრება იყო. ამ მანქანების ექსპლუატაციაზე კი, 2016-2017 წლებში ბიუჯეტიდან 436 ათასი ლარის საწვავი დაიხარჯა.

აუდიტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ არცერთ მუნიციპალიტეტს არ გაუთვალისწინებია მთავრობის რეკომენდაცია, რომელიც საბიუჯეტო ორგანიზაციებში ავტომანქანების ზღვრულ ოდენობას და მათ განაწილებას განსაზღვრავს. ავტომანქანების რაოდენობა კი, მთავრობის დადგენილებით, თანამშრომელთა რაოდენობაზეა დამოკიდებული. ოზურგეთისთვის ამ რეკომენდაციების შესაბამისად, 12 ავტომანქანა იყო გათვალისწინებული.

,,მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტების საკუთრებაში არსებული ავტომობილების რაოდენობა არ აჭარბებს მთავრობის რეკომენდაციით განსაზღვრულ მოცულობებს, იჯარით აყვანილი ავტომობილების გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რიცხოვნობა რამდენჯერმე აღემატება მთავრობის დადგენილებით რეკომენდირებულ ზღვრულ ოდენობას. ამდენად, 2016-2017 წლებში არც ერთი მუნიციპალიტეტი არ ითვალისწინებდა მთავრობის აღნიშნულ რეკომენდაციას”, - ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები