სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში30 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიციის საწარმო გაიხსნა. შპს „ასკანელ ალიანსის“ ბენტონიტური თიხის გადამამუშავებელი საწარმო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გახსნა.
გიორგი კვირიკაშვილმა საწარმო დაათვალიერა და საწარმოო პროცესის შესახებ ინფორმაცია მიიღო. საქვეყნო, მამულიშვილური, პატრიოტული საქმე - ასე შეაფასა პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა გერმანული წარმოების, თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი საწარმოს გახსნა და ინვესტორს, გოჩა ჩხაიძეს მადლობა გადაუხადა.
მისი თქმით, გურიაში ასეთი მნიშვნელოვანი საწარმოო პოტენციალის შექმნა გამოაცოცხლებს და ააგუგუნებს არა მხოლოდ რეგიონს, არამედ მთელ საქართველოს.
"ეს არის ყველაზე თანამედროვე საწარმო, რომელიც ეკოლოგიის კუთხით უმაღლესი სტანდარტით - გერმანული ტექნოლოგიით არის აწყობილი. ძალიან მახარებს, რომ პირველად, ამ საწარმოს საქართველოს ისტორიაში, ქართულ საწარმოს ექნება ფილიალი გერმანიაში და აქ წარმოებული პროდუქცია ათასამდე დანიშნულებით გამოიყენება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საწყის ეტაპზე, 130-მდე ოჯახი მიიღებს შემოსავალს ამ საწარმოს შედეგად, ხოლო შემდგომში, დასაქმებულთა რიცხვი 300-მდე გაიზრდება. "აწარმოე საქართველოში" ძალიან წარმატებული პროგრამაა და ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რა შეუძლია სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის სწორ თანამშრომლობას. ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ჩვენი ქვეყნის შვილები, წარმატებული ადამიანები, რომლებმაც ძალიან ბევრი წარმატება ნახეს ქვეყნის გარეთ, უბრუნდებიან ჩვენს ქვეყანას და მისი აღმშენებლობის ფერხულში ერთვებიან", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საწარმოს მშენებლობა 2016 წლის ივნისში დაიწყო. კომპანია, ინვესტიციის 100 მილიონ ლარამდე გაზრდას და დასაქმებულთა რაოდენობის გაორმაგებას გეგმავს.

























