მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ოზურგეთში მდებარე ფაბრიკა, სადაც ZARA-ს და MANGO-ს ჯინსები იკერება, ფართოვდება

5c4ae5ea96055
მაია ბიწაძე
25.01.19 14:33
4582
ოზურგეთში მდებარე ფაბრიკა, სადაც საერთაშორისო ბრენდების ჯინსები იკერება, გაფართოვდება, რაშიც 10-დან 15 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია ჩაიდება.

ამის შესახებ Bm.ge-iს შპს „ოზურგეთი დენიმ“-ის დირექტორმა მინდია გურგენიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, საწარმოში დამატებით 1 000-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ფაბრიკა ხუთი თვის წინ ამუშავდა და იქ 13 საერთაშორისო ბრენდის, მათ შორის - „ზარას“, "მანგოს", "ბერშკას", "ნიუ იორკერის", "მასიმო დუტის“ ჯინსის შარვლები იკერება; პროდუქცია კი, ევროპაში, კერძოდ, საფრანგეთში, ავსტრიასა და სხვა ქალაქებში, დამკვეთების ქსელურ მაღაზიებში იყიდება.

როგორ მინდია გურგენიძე განმარტავს, იმისთვის რომ კომპანიამ ბიზნესი გააფართოოს, უამრავი საკანონმდებლო საკითხია მოსაგვარებელი და ამ მიზნით საქართველოს მთავრობასთან შეხვედრები მიმდინარეობს.

„საკანონმდებლო ორგანოსთან ბევრი საკითხია შესათანხმებელი, ჩვენ შეხვედრა გვქონდა ფინანსთა მინისტრთან; სამომავლოდ კიდევ იგეგმება შეხვედრები. ,,ევრო 1“-ის სერტიფიკატის მიღებაზეა საუბარი, ეს არის პრეფერენციული სერტიფიკატი, რომლის საფუძველზეც, ორ ქვეყანას შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, საზღვრის კვეთის დროს 12%-იანი შეღავათის დაწესება ხდება - იმპორტის გადასახადია ეს, რომელსაც ამჟამად დღგ-თან ერთად ჩვეულებრივ ვიხდით; ამ სერტიფიკატზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, თორემ ჩვენ ინვესტირება ნებისმიერ დროს შეგვიძლია დავიწყოთ, თუნდაც - ხვალვე“, - განაცხადა მინდია გურგენიძემ.

როგორ გურგენიძე განმარტავს, ამჟამად ფაბრიკაში მხოლოდ ქსოვილის დაჭრა და კერვა ხორციელდება, სამომავლოდ კი, იმ საამქროების მოწყობაც იგეგმება, სადაც ქსოვილის შეღებვა, დაუთოება და შეფუთვა მოხდება.

,,ამისთვის კომპანიას გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტის მომზადება სჭირდება, ამჟამად წინაპირობებს ვასრულებთ და მალე წარვადგენთ შესაბამის უწყებაში განაცხადს. ახალი საამქროების მოსაწყობად კომპანია დამატებით 30 ათასი კვადრატული მეტრი ფართის ათვისებას გეგმავს, ამჟამად 10 ათასი კვადრატული მეტრია ათვისებული“, - განაცხადა მინდია გურგენიძემ.

მისივე თქმით, ინვესტორმა სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებები გადაჭარბებით შეასრულა და ფაბრიკაში 1,6 მილიონის ნაცვლად, უკვე 3,6 მილიონი ლარის ინვესტირება განახორციელა.

„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში, ჩვენ ვალდებულება გვქონდა ამ ეტაპამდე საწარმოში1,6 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაგვედო, თუმცა 3,6 მილიონი განვახორციელეთ უკვე. ამჟამად ჩვენი ერთადერთი ვალდებულებაა, მიმდინარე წლის განმავლობაში უწყვეტი წარმოება განვახორციელოთ და მილიონი ერთეული ჯინსის შარვალი შევკეროთ, რომლის 50% უკვე შესრულებული გვაქვს“, - განმარტა მინდია გურგენიძემ Bm.ge-სთან საუბრისას.

ფაბრიკა თურქული კომპანია Baykanlar Tekstil -ის ინვესტიციით კეთდება, რომელიც ძმებს, ოსმან და ერქან ბაიქანებს ეკუთვნით. ისინი ტექსტილის ბიზნესით არიან დაკავებული და საერთაშორისო ბრენდებისთვის სამოსს, ცხრა ქვეყანაში, მათ მიერვე აშენებულ საწარმოებში კერავენ. შპს ,,ოზურგეთი დენიმის“ მიერ გურიის სამკერვალო ფაბრიკაში ჩადებული ინვესტიციის ჯამური მოცულობა, პროექტის დასრულების შემდეგ, 30 მილიონ ლარს გადააჭარბებს.

თურქ ინვესტორებს "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში, ოზურგეთში, ზვანეს დასახლებაში, 9 ჰექტარი ტერიტორია და მასზე მდებარე ძველი ჩაის ფაბრიკა გადაეცათ, რომელიც 25 წელზე მეტია გაჩერებული იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები