მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პაატა კვიჟინაძის განცხადებით, უნივერსალური სალარო აპარატის დანერგვამ ბიზნესს ხარჯი უნდა შეუმციროს

კვიჟინაძე

საქართველოში სალარო აპარატების მოქმედი სისტემა შესაძლოა მნიშვნელოვნად შეიცვალოს. პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი, რომლის ავტორებიც არიან საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე, კომიტეტის მოადგილე ბეჟან წაქაძე და დეპუტატები ირაკლი ხელაძე, ზურაბ რურუა, გიორგი ბარვენაშვილი და ლევან მაჭავარიანი, ითვალისწინებს ახალი ტიპის უნივერსალური საკონტროლო-სალარო აპარატების დანერგვას.

რეფორმის მთავარი ცვლილება ის არის, რომ დღემდე ცალკე არსებული სალარო აპარატი და საბანკო ტერმინალი ერთ მოწყობილობაში გაერთიანდება. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ინიციატორები სისტემის გამარტივებასა და ხარჯების შემცირებაზე საუბრობენ, ბიზნესისთვის ცვლილება ნიშნავს არსებული ინფრასტრუქტურის ეტაპობრივ ჩანაცვლებას და ახალი ვალდებულებების გაჩენას.

კანონპროექტის მიხედვით, 2027 წლის 1 იანვრიდან საგადასახადო ორგანოში მხოლოდ ახალი სტანდარტის საკონტროლო-სალარო აპარატების რეგისტრაცია იქნება შესაძლებელი. მოქმედი აპარატები კი გარკვეული პერიოდის განმავლობაში დარჩება გამოყენებაში - ბიზნესებს მათი გამოყენება 2028 წლის 1 მაისამდე შეეძლებათ. ამის შემდეგ ახალი სისტემა სავალდებულო გახდება. ანუ, პრაქტიკულად ყველა სავაჭრო და მომსახურების ობიექტს მოუწევს არსებული სალარო ტექნიკის ჩანაცვლება.

კანონპროექტის ავტორები მიუთითებენ, რომ ახალი სისტემა გაამარტივებს ბიზნესის საქმიანობას, რადგან ერთი ოპერაციისთვის რამდენიმე მოწყობილობის გამოყენება აღარ იქნება საჭირო. დღეს, მაგალითად, მაღაზიაში მომხმარებლის გადახდა შეიძლება დაფიქსირდეს როგორც საბანკო ტერმინალში, ასევე სალარო აპარატში ორი სხვადასხვა ტექნიკური მოწყობილობით. ახალი უნივერსალური აპარატი კი ერთდროულად შეასრულებს გადახდის მიღების, ოპერაციის აღრიცხვისა და საგადასახადო მონაცემების გადაცემის ფუნქციებს.

BMG-სთან ინტერვიუში კანონპროექტის ავტორი პაატა კვიჟინაძე აცხადებს, რომ მომსახურების მიმწოდებელი კომპანია კონკურსის წესით შეირჩევა, ხოლო სისტემის პირობებს მთავრობა განსაზღვრავს.

„კომისიის მიერ, კონკურსის წესით გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია. მთავრობა თავად განსაზღვრავს კრიტერიუმებს, რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს ოპერატორი, როგორ უნდა იმუშაოს სისტემამ და რა უნდა იყოს მომსახურების მაქსიმალური ფასი“,- განაცხადა კვიჟინაძემ.

ამასთან, რეფორმა ცვლის თავად სალარო აპარატების ბაზრის მოწყობის პრინციპსაც. დღეს ბიზნესს შეუძლია სხვადასხვა ტექნიკის მომწოდებელი და მომსახურების კომპანია აირჩიოს. ახალი მოდელის მიხედვით კი სალარო აპარატებისა და ელექტრონული კომერციის ტერმინალების მიწოდება და ტექნიკური მომსახურება ცენტრალიზებული გახდება, შესაბამის მომსახურებას მთავრობის მიერ შერჩეული კომპანია უზრუნველყოფს.

პაატა კვიჟინაძის თქმით, ახალი მოდელის მთავარი მიზანი მომსახურების გაიაფებაა და არა დამატებითი ტვირთის შექმნა.

„მთავარი მიზანი მომსახურების ტარიფების შემცირებაა,"- განაცხადა მან.

მისივე განმარტებით, ახალი სისტემა ასევე უკავშირდება საბარათე გადახდებზე საკომისიოს ცვლილებას. კანონპროექტი ითვალისწინებს ურთიერთგაცვლის საკომისიოს მაქსიმალური ზღვრის 0.3%-ით განსაზღვრას.

დეპუტატი განმარტავს, რომ ეს არ არის საბოლოო საკომისიო, რომელსაც ბიზნესი გადაიხდის, არამედ ბანკებს შორის ანგარიშსწორების საკომისიოა.

მისი თქმით, დღეს ბიზნესის ნაწილი ტერმინალით მომსახურებისთვის დაახლოებით 1.5%-დან 2.5%-მდე იხდის და ახალი სისტემით ეს ხარჯი უნდა შემცირდეს.

რეფორმის საბოლოო ეფექტი დამოკიდებული იქნება იმაზე, რა იქნება ახალი აპარატების ფასი, თუმცა აღნიშნული ჯერჯერობით უცნობია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები