„შევისწავლით ვინ არიან და გუნდი გადაწყვეტს, მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტი არაა“, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ Bm.ge-სთან ინტერვიუში პრეზიდენტის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად წარდგენილი ორი კანდიდატის შესახებ საუბრისას აღნიშნა.
მისი თქმით, კანდიდატების შერჩევის და წარდგენის პროცესთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მათთან კონსულტაციები არ გაუვლია. შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის 2 ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურები წარუდგინა. ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
„ჯერ კონსულტაციები უნდა იყოს, უნდა ვნახოთ, ვინ არიან. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, რომ [პრეზიდენტთან] კონსულტაციები სამწუხაროდ, არ ყოფილა. რაც შეეხება მხარდაჭერას, მოგვიანებით გაირკვევა. ამ ორიდან ერთი კანდიდატი საერთოდ არ ვიცი ვინ არის“, - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.
შეგახსენებთ: ვაკანტურ თანამდებობებზე მიმდინარე წლის ივნისში პრეზიდენტმა გიორგი ბაქრაძის და დიმიტრი ჯაფარიძის კანდიდატურები წარადგინა, თუმცა პარლამენტმა მაშინ მათ მხარი არ დაუჭირა.