მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პაატა სალია გავრილოვის ღამეზე სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას აფასებს

პაატა სალია

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია გავრილოვის ღამეზე სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას აფასებს. როგორც იუსტიციის სამინისტრო იტყობინება, პაატა სალიას თქმით, "სასამართლომ ცალსახად და დადასტურებულად მიიჩნია რომ სახელმწიფოს აქვს სრული ლეგიტიმური უფლება, გამოიყენოს სპეციალური საშუალებები, მაშინ, როცა ადგილი აქვს თავდასხმას სამართალდამცავებსა და სახელმწიფო ორგანოებზე“.

"ოცნების" მინისტრის განმარტებით, სასამართლომ დაადგინა, რომ დემონსტრანტების მხრიდან მოხდა ვითარების ესკალაცია, რასაც ხელი ოპოზიციონერი ლიდერების მოწოდებებმა შეუწყო, საპასუხოდ, შს სამინისტრო იძულებული გახდა, გამოეყენებინა ძალა, რომელიც სასამართლომ, გარკვეულ შემთხვევებსა და გარკვეულ მომჩივანთა მიმართებით, მიიჩნია არაპროპორციულად და სახელმწიფოს დააკისრა კომპენსაცია.

სამინისტროს ცნობით, პაატა სალიამ ასევე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ აქციაზე დაზარალებული პირების ნაწილმა კომპენსაცია ქართულ სასამართლოშიც მოითხოვა და მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდა:

„ეროვნულ დონეზე სასამართლოების გადაწყვეტილებები სრულ თანხვედრაშია დღეს მიღებულ გადაწყვეტილებასთან. ეს ხაზს უსვამს იმას, რომ ჩვენმა მართლმსაჯულებამ სწორედ შეაფასა ის გარემოებები, რასაც ადგილი ჰქონდა 20-21 ივნისს“.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, მინისტრმა "განსაკუთრებით გამოკვეთა საქართველოს ხელისუფლების აქტიური თანამშრომლობა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან".

„სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში მიუთითებს სახელმწიფოს მხრიდან თანამშრომლობაზე... ჩვენ საუბარი გვქონდა სტრასბურგის სასამართლოს პრეზიდენტთან, ბატონ მათიას გიომართან, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის თანამშრომლობს სტრასბურგის სასამართლოსთან,“ - განაცხადა პაატა სალიამ.

საიამ ე.წ. გავრილოვის ღამის საქმე სტრასბურგის დიდ პალატაში მოიგო

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები