მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

PACE-ის მონიტორები ხელისუფლებას მოუწოდებენ შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული ქმედებები ოპოზიციის წინააღმდეგ

pace

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული ქმედებები ოპოზიციური პარტიების და მათი ლიდერების წინააღმდეგ.

PACE-ის თანამომხსენებლები საქართველოში 10-12 ნოემბერს იმყოფებოდნენ და ვიზიტის ფარგლებში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ედიტ ესტრელამ (პორტუგალია, სოციალისტების ჯგუფი) და საბინა ჩუდიჩმა (ბოსნია და ჰერცეგოვინა ALDE) შეშფოთება გამოთქვეს საქართველოში ოპოზიციური პარტიის ლიდერების წინააღმდეგ წაყენებული ბრალის გამო და აცხადებენ, რომ ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულია.

„ეს ბრალდებები აშკარად პოლიტიკურად მოტივირებულია და უნდა განიხილებოდეს საკონსტიტუციო სასამართლოში ბოლოდროინდელ სარჩელებთან ერთად, რომლებითაც მოთხოვნილია რამდენიმე ოპოზიციური პარტიის აკრძალვა. ასეთ ქმედებებს ადგილი არ აქვს დემოკრატიულ საზოგადოებაში. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს ქმედებები, რომლებსაც ფაქტობრივად შეუძლიათ დიქტატურის დამყარება საქართველოში“, - ნათქვამია PACE-ის თანამომხსენებლების განცხადებაში.

ისინი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის რეკომენდაცია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონებთან დაკავშირებით.

"კიდევ ერთხელ ვიმეორებთ რაც ასამბლეამ უკვე განაცხადა საქართველოს შესახებ ბოლო რეზოლუციაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი“, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ საქართველოს აქტი“, „გრანტების შესახებ კანონი“ და მოქმედი „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კანონი“ შეუთავსებელია ევროპულ სტანდარტებთან და ნორმებთან და როგორც ვენეციის კომისიამ დაასკვნა უნდა გაუქმდეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ედიტ ესტრელა და საბინა ჩუდიჩი ვიზიტის დროს შეხვდნენ "ქართული ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარეს და საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებს, ასევე ყველა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს, მათ შორის საპატიმროში მყოფ ოპოზიციის ლიდერებს. PACE-ის წარმომადგენლებს ხელისუფლებამ უარი უთხრათ პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტთან მზია ამაღლობელთან შეხვედრაზე. საბინა ჩუდიჩის და ედიტ ესტრელას ასევე არ შეხვდნენ მთავრობის წევრები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები