მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"Pace ჯგუფს" ახალი ნავმისადგომისთვის მიწის ნაკვეთი ლარად გადაეცა, საინვესტიციო ვალდებულება $5 მილიონია

pace ჯგუფი

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, Pace ჯგუფის კომპანია "ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურს" ახალი ნავმისადგომის მშენებლობისთვის საჭირო ტერიტორია აღნაგობის უფლებით გადაეცა.

პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერილ განკარგულებაში წერია, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიეცეს თანხმობა, რომ შპს “ფოთის ახალ საზღვაო ნავსადგურს” შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 49 წლის ვადით, 1 ლარად, აღნაგობის უფლებით გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ფოთში მდებარე 5 239 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

ქონების გადაცემის პირობების თანახმად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვის ვადაში "ფოთის ახალმა საზღვაო ნავსადგურმა" არანაკლებ 5 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. ამასთან, აღნაგობის უფლების ვადა შეიძლება კიდევ გაგრძელდეს დამატებით 50 წლით, იმ პირობით, რომ შპს “ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური" უზრუნველყოფს ხელშეკრულებით გათვალისწინებული აღნაგობის საბაზრო ღირებულების გადახდას ყოველწლიურად.

მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ გუშინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააცხადა.

BMG ესაუბრა "ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის“ მფლობელი კომპანია PACE GEORGIA-ს დირექტორ ირაკლი თათეიშვილს, რომელიც ამბობს, რომ ახალი ნავმისადგომის მშენებლობა, სავარაუდოდ, შემოდგომაზე დაიწყება.

ირაკლი თათეიშვილი განმარტავს, მიწა, რომელიც ზღვის ფსკერს მოიცავს, ახალი ნავმისადგომისთვის ხიმინჯების მოსაწყობად იქნება გამოყენებული.

მისივე თქმით, პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 36 მლნ დოლარამდეა.

„ნავმისადგომის მშენებლობას ვაპირებთ. ახალი ნავმისადგომი დამატებით 1 მილიონ ტონა ტვირთს მოემსახურება. აღნაგობით გადმოგვეცემა ზღვის ფსკერი, სადაც უნდა მოეწყოს ხიმინჯები ახალი ნავმისადგომისთვის. ჯამური ინვესტიცია 36 მილიონ დოლარამდეა, პროექტის განხორციელებას ორი წელი დასჭირდება. პარტნიორი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციაა (DFC), რომლის თანამონაწილეობა 25 მილიონი დოლარია. პროცესი დაწყებული გვაქვს, დოკუმენტაციას ვამზადებთ. უშუალოდ ნავმისადგომის მშენებლობის პროცესი, ვფიქრობ, სექტემბერში ან ოქტომბერში დაიწყება“, - უთხრა BMG-ის ირაკლი თათეიშვილმა.

ინფორმაციისთვის: "Pace ჯგუფს" ნავმისადგომები ფოთის პორტის ძირითადი ოპერატორისგან, APM Terminals-ისგან გრძელვადიანი იჯარის ხელშეკრულებით აქვს აღებული. ჯგუფის 2023 წლის ფინანსური ანგარიშგების თანახმად, კომპანიის აქტივები 282 მილიონ ლარს შეადგენს. კომპანიის ძირითადი პარტნიორები არიან: ირაკლი კერვალიშვილი (38%); ლაურა ლარიონი (38%); თეიმურაზ კერვალიშვილი (10%) და ირაკლი თათეიშვილი (10%).

Pace ჯგუფი ფოთში ახალი ნავმისადგომის მშენებლობას, სავარაუდოდ, შემოდგომაზე დაიწყებს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები