მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პაკისტანმა ავღანეთთან სასაზღვრო პუნქტები შეიარაღებული დაპირისპირების გამო დახურა

პაკისტანი

პაკისტანმა ავღანეთთან დამაკავშირებელი რამდენიმე სასაზღვრო პუნქტი დახურა. როგორც „როიტერი“ იუწყება, შეჩერებულია გადაადგილება პაკისტანის ორ მთავარ გამშვებ პუნქტზე – ტორხამსა და ჩამანში, ასევე, მინიმუმ სამ მცირე სასაზღვრო პუნქტზე: ხარლაჩი, ანგურ ადდა და გულამ ხანი.

ქაბულს ოფიციალური განცხადება საზღვრის დახურვასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.

პაკისტანის ოფიციალური პირების თქმით, ორი ქვეყნის ძალებს შორის ცეცხლის ორმხრივი სროლის შემდეგ, 58 პაკისტანელი ჯარისკაცი მოკლეს.

ავღანეთს, რომელსაც ზღვისპირა გასასვლელი არ აქვს, პაკისტანთან დაახლოებით 2 600 კილომეტრის სიგრძის საზღვარი აკავშირებს. პაკისტანის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, მათი საჰაერო დარტყმები ქაბულში მოქმედ ტერორისტულ დაჯგუფება „ტეჰრიკ-ე-თალიბან პაკისტანის“ ლიდერის წინააღმდეგ იყო მიმართული, თუმცა უცნობია, გადარჩა თუ არა ის.

დასავლური მედიის შეფასებით, „ტეჰრიკ-ე-თალიბან პაკისტანი“ ისლამაბადის მთავრობის დამხობასა და მკაცრად ისლამური მმართველობის დამყარებას ისახავს მიზნად.

ამ ფონზე, თალიბანის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ თავდასხმები კატარისა და საუდის არაბეთის შუამდგომლობის შემდეგ შეწყვიტეს.

„ავღანეთის ტერიტორიის არცერთ ნაწილში არანაირი საფრთხე არ არსებობს. ისლამური საამირო და ავღანეთის ხალხი დაიცავს თავის მიწას. თავდაცვის ამ საკითხში მტკიცედ და ერთგულად გააგრძელებს მოქმედებას,“ – განაცხადა თალიბანის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, ზაბიჰულა მუჯაჰიდმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები