ბოლო პერიოდის განმავლობაში ავღანეთსა და პაკისტანს შორის სამხედრო დაპირისპირებები გამწვავდა, რაც ორ მეზობელ ქვეყანას შორის ურთიერთობების დაძაბვას იწვევს.
ყველაფერი 24 დეკემბერს დაიწყო, როცა პაკისტანის საჰაერო ძალებმა ავღანეთის აღმოსავლეთ პროვინციაზე სამხედრო იერიში განახორციელეს, რის შედეგადაც 46 სამოქალაქო პირი დაიღუპა, მათ შორის ქალები და ბავშვები.
პაკისტანის მხარე აცხადებს, რომ მათი სამიზნე ექსტრემისტების თავშესაფარი იყო სასაზღვრო რეგიონში, თუმცა თალიბანის მთავრობა ამტკიცებდა, რომ თავდასხმები მშვიდობიან მოსახლეობაზე განხორციელდა. თალიბანის პრესმდივანმა მაშინ განაცხადა, რომ ასეთი ქმედებები საერთაშორისო ნორმების დარღვევაა და პაკისტანს მოუწოდა, პატივი ეცა ავღანეთის სუვერენიტეტისთვის.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის განმავლობაში ავღანეთ-პაკისტანის საზღვარზე არაერთი ინციდენტი მოხდა. მარტში პაკისტანმა ავღანეთის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმები განახორციელა, რასაც თალიბანის მხრიდან საპასუხო იერიში მოჰყვა პაკისტანის სამხედრო ბაზებზე. ამ შეტაკებების შედეგად ორივე მხარეს იყო მსხვერპლი.
ბოლო პერიოდში სამხედრო დაპირისპირებების რაოდენობა იზრდება და, როგორც ჩანს, თითქმის ყოველ კვირა რამდენიმე სამხედრო და სამოქალაქო პირი იღუპება, თუმცა ოფიციალური წყაროები არაფერს ამბობენ, რაც პაკისტანისა და ავღანეთის მთავრობებისგან გასაკვირი არ არის.
ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ექსტრემისტული დაჯგუფება "ტეჰრიკ-ე-თალიბან პაკისტანის" (TTP) აქტიურობაა, რომელიც პაკისტანის ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედებს და, ისლამაბადის მტკიცებით, ავღანეთის ტერიტორიაზე ოპერირებს, სადაც მას ოფიციალური თალიბანის მხარდაჭერა აქვს. პაკისტანი თალიბანის მთავრობას მოუწოდებს, მიიღოს ზომები TTP-ის წინააღმდეგ, თუმცა ქაბული ამ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ თალიბანს TTP-სთან კავშირი არ აქვს.
ამჟამად საზღვარზე არსებული დაძაბულობა რეგიონში მდგომარეობას კიდევ უფრო მეტად ართულებს და ჰუმანიტარულ კრიზისს ამძიმებს. ექსპერტების შეფასებით, არ არის გამორიცხული, მარიონეტულად მართული TTP-ის დახმარებით, თალიბანმა პაკისტანზე თავდასხმა გადაწყვიტოს და ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი დაიკავოს, განსაკუთრებით სასაზღვრო რეგიონში.
უშუალოდ TTP-ის რაც შეეხება, ის 2007 წელს დაფუძნდა და მის მიზანს პაკისტანის ტერიტორიაზე ისლამური მმართველობის დამყარება და ქვეყნის ხელისუფლებაში თალიბანის მოსვლა წარმოადგენდა. როგორც ცნობილია, ავღანურ თალიბანსა და პაკისტანურ თალიბანს დამოუკიდებელი მმართველები ჰყავთ, თუმცა მათ შორის იდეოლოგიურ-პოლიტიკური კავშირები არსებობს და არ არის გამორიცხული, რომ TTP სწორედ ავღანური თალიბანის მარიონეტული დაჯგუფება იყოს.




























