„საქართველო ყველა საერთაშორისო შეთანხმებას იცავს ძალიან მკაფიოდ, ამაზე ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა განაცხადეს - რომ საქართველოში საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის არცერთი ფაქტი არ ფიქსირდება. მათ შორის, სანქციებთან მიმართებაში გადამოწმებულ იქნა პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო ლაინერი Astoria Grande, რომელიც საქართველოში შემოვიდა“, - აცხადებს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი.
ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და საბაჟო სტრუქტურებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა არსებობს, რის საფუძველზეც დასტურდება, რომ არც გემის მფლობელი და არც თავად გემი სანქცირებული არ არის. რაც შეეხება დღეს ბათუმში განვითარებულ მოვლენებს, მისი შეფასებით, აქცია ოპოზიციის მიერ არის ორგანიზებული და მას პოლიტიკური ხასიათი აქვს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თანმიმდევრულები ვიყოთ ჩვენს განცხადებებში და ჩვენს პოლიტიკაში, თანმიმდევრულობა კი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მივესალმებით საქართველოში ტურიზმის განვითარებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია და ქვეყნის მოსახლეობის შემოსავლებსა და მის კეთილდღეობაზე პირდაპირ აისახება. ასე რომ, როდესაც ვსაუბრობთ ასეთ უპასუხისმგებლო აქციებზე - ის ორგანიზებულია უპასუხისმგებლო ოპოზიციის მხრიდან და არის სუფთად პოლიტიზებული აქცია“, - აცხადებს ლევან დავითაშვილი.
ამასთან, მისი შეფასებით, ეს პოლიტიკური ძალები მოსახლეობის შეცდომაში შეყვანით ახერხებენ, ქვეყანაში დესტრუქციული ქმედებები განახორციელონ და ამით ხელი შეუშალონ არამარტო ტურიზმის განვითარებას, არამედ ზოგადად სტაბილურობის უზრუნველყოფას. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ეს პირდაპირ უშლის ხელს ეკონომიკურ კეთილდღეობას და ქვეყნის მოსახლეობის და მთლიანად საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ეს არის ყოვლად მიუღებელი, ჩვენი თითოეული მოქალაქის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი და კიდევ ერთხელ მინდა, ხელმოცარულ ოპოზიციას მოვუწოდო, რომ თავი შეიკავონ მსგავსი უპასუხისმგებლო ქმედებებისგან, ეს წარმატებული ვერასოდეს იქნება. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა დესტრუქციულ პოლიტიკას მხარს არ დაუჭერს, ჩვენ ვიქნებით თანმიმდევრული, რომ საქართველოში უზრუნველვყოთ სტაბილური გარემო ეკონომიკური განვითარებისთვის, რაშიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი ტურიზმს აქვს. რაც შეეხება იმას, თუ რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება - ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი როგორც საერთაშორისო საზოგადოებასთან, ისე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებთან“, - აცხადებს ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი.