მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პანდემიამ სახელმწიფო სექტორის გაძლიერების აუცილებლობა დააჩქარა“ - ეკატერინე ტიკარაძე

614d6df474002
ვიქტორია მღებრიშვილი
24.09.21 10:18
539
„პანდემიამ სახელმწიფო სექტორის გაძლიერების აუცილებლობა დააჩქარა“, - ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური კომიტეტის 71-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. 

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რეგიონალური კომიტეტის 71-ე სესია ვირტუალურ ფორმატში გაიმართა. სესიის მთავარი თემა პანდემიასთან და საზოგადოებრივ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები იყო.

მინისტრმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ კომიტეტზე გამოსვლისას ყურადღება ჯანდაცვის სისტემის მდგრადობაზეც გაამახვილა და განაცხადა რომ საქართველო ახალი გამოწვევების შესაძლებლობად ქცევის მაგალითია. მან პანდემიის პერიოდში საქართველოში ჯანდაცვის სისტემაში დანერგილი პრაქტიკები დაასახელა და აღნიშნა, რომ ქვეყანამ ეს დონორი ორგანიზაციების დახმარებით შეძლო.

„საქართველო პანდემიის მართვის პროცესში გადაუდებელი საჭიროებებიდან გამომდინარე, ჯანდაცვის სისტემის მდგრადობის, სამედიცინო ინფრასტრუქტურის, ადამიანური რესურსების, კლინიკური მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესებისთვის საფრთხეებზე რეაგირების კუთხით მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა.

ახალი კორონავირუსის პანდემიამ დააჩქარა სახელმწიფო სექტორის გაძლიერების აუცილებლობა, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროკავშირის, მსოფლიო ბანკის და სხვა დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციების ფინანსური და ტექნიკური დახმარებით მიმდინარეობს.

გარდა ამისა, განხორციელდა სრულიად ახალი და ინოვაციური მიდგომების დანერგვა, როგორიცაა მაგალითად, სასტუმროების გამოყენება როგორც საეჭვო შემთხვევების, ისე კოვიდის მქონე პაციენტების მართვისთვის, რომელიც მოწონებულ იქნა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ.

ჯანდაცვაში ტელემედიცინისა და ციფრული ტექნოლოგიების როლი კიდევ უფრო მკაფიოდ გამოკვეთა პანდემიამ, რამდენადაც დისტანციური სერვისების საშუალებით, მნიშვნელოვნად შემცირდა მობილობა და დაავადების გავრცელება კლინიკებში. საქართველომ, პანდემიის დასაწყისში ელექტრონული მომსახურების წარმატებული პრაქტიკა დანერგა ონლაინ-კლინიკების სახით, რომელიც დღემდე COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების ბინაზე მართვას ეფექტურად ახორციელებს.

ამ გზით ჩვენ არამხოლოდ შევქმენით მკურნალობის მოსახერხებელი მექანიზმი, ასევე მოვახდინეთ ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის პრევენცია და განსაკუთრებით კი, შევამცირეთ პერსონალის ინფიცირების რისკები“, - განაცხადა მინისტრმა.

ვაქცინებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის მნიშვნელობა ერთ-ერთი თემა იყო, რომელზეც ეკატერინე ტიკარაძემ ისაურა. გარდა ამისა უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ გამოწვევების დაძლევისთვის აუცილებელია სექტორთა შორის მჭიდრო თანამშრომლობა და კომპლექსური მექანიზმების მდგრადი გაძლიერება.
„2020 წელს მსოფლიო დადგა კაცობრიობის უდიდესი გამოწვევის ახალი კორონავირუსული (SARS-CoV-2) ინფექციის პანდემიის წინაშე, რომელიც სახელმწიფოების უდიდესი ძალისხმევის მიუხედავად, ჯერ კიდევ აქტიურ ფაზაშია და ადამიანური დანაკარგი, სამწუხაროდ კვლავ მაღალია. სწორედ ამიტომ, ჩვენი უპირველესი მიზანი არის და უნდა იყოს პანდემიისთვის მზაობის გაძლიერება, როგორც ეროვნულ, ისე გლობალური დონეზე.

გამოწვევების დაძლევისთვის აუცილებელია სექტორთა შორის მჭიდრო თანამშრომლობა და კომპლექსური მექანიზმების მდგრადი გაძლიერება, როგორიც აქტიური ბიოლოგიური ზედამხედველობა და ეპიდემიოლოგიური კონტროლია; ასევე დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესაძლებლობების გაზრდა და რაც მთავარია პრევენციის ღონისძიებების გაძლიერება.

პანდემიამ ასევე გამოავლინა ქვეყანაში კოორდინაციის დამატებითი მექანიზმების გაძლიერების აუცილებლობა პირველად ჯანდაცვას, ჰოსპიტლებსა და სასწრაფო გადაუდებელი დახმარების სამსახურებს შორის“,- თქვა მინისტრმა.

ეკატერინე ტიკარაძემ საკუთარი გამოსვლა ვაქცინაციაზე საუბრით დაასრულა. უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საქართველოს ვაქცინებით უზრუნველყოფის საკითხში გარდამტეხი როლი COVAX პლატფორმამ შეასრულა, რომელიც მინისტრის განცხადებით ვაქცინების სამართლიანი განაწილების უზრუნველყოფის ქმედითი მექანიზმია.

„ჩვენ უკვე ვფლობთ პანდემიის დასრულების მთავარ ინსტრუმენტს-ვაქცინებს. საქართველოს ვაქცინებით უზრუნველყოფის საკითხში გარდამტეხი როლი შეასრულა COVAX პლატფორმამ, რომელიც ვაქცინების სამართლიანი განაწილების უზრუნველყოფის ქმედითი მექანიზმია. გაუმჯობესებული ხელმისაწვდომობა მნიშნველოვანია არამხოლოდ ვაქცინებზე, არამედ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ყველა იმ სიკეთეებზე, რომლებიც პანდემიასთან ბრძოლის მთავარი ინსტრუმენტებია.

კითხვაზე - რა გვასწავლა კოვიდ პანდემიამ, პასუხი მოკლედ შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს: პანდემიისთვის მზაობის უზრუნველყოფის აუცილებლობა; ადამიანური რესურსის გაძლიერება გადაუდებელი რეაგირების კუთხით; კოორდინაციის დამატებითი მექანიზმები პირველად ჯანდაცვას, ჰოსპიტლებსა და სასწრაფო გადაუდებელი დახმარების სამსახურებს შორის; სახელმწიფო სექტორის გაძლიერების აუცილებლობა, საინფორმაციო/დიგიტალური სისტემების მნიშვნელობა და სექტორთა შორისი თანამშრომლობა“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური კომიტეტის 71-ე სესიაში მონაწილეობისას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები