ქართული გადამზიდავი კომპანია „სოფმარის“ დატვირთვა პანდემიის პერიოდში 70%-ით შემცირდა, - ამის შესახებ BM.GE-ის კომპანიის დირექტორმა ვახტანგ ალანიამ განუცხადა.
მისი თქმით, კომპანიაზე, რომელიც ბაზარზე 1991 წლიდან ოპერირებს, პანდემია ძალიან ცუდად აისახა და დღეს უკვე თანამშრომელთა შენარჩუნების საკითხიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
„პანდემია ჩვენს საქმიანობაზე ძალიან ცუდად აისახა. მოსახლეობას არ აქვს შემოსავალი, შესაბამისად ,ვერ ყიდულობს პროდუქტს. ჩვენ გადაგვაქვს პროდუქტი, რომელსაც ყიდულობს ბიზნესმენი, ჩვენ ის მიგვაქვს მაღაზიამდე, სადაც საქონელს შემდგომში ყიდულობს მომხმარებელი. ეს წრე დაირღვა, რადგან მოსახლეობის მყიდველუნარიანობა შემცირდა, შესაბამისად, მოთხოვნამ იკლო. აგვისტოსთვის არც ერთი დაკვეთა არ მაქვს გადაზიდვაზე; როდესაც მე აგვისტოსთვის არ მაქვს გადაზიდვები ეს ნიშნავს იმას, რომ მე სექტემბერ-ოქტომბერშიც არ მექნება. შესაძლოა, რომ ნოემბერში საახალწლოდ რამე ამუშავდება და წამოვა შეკვეთები“, - განაცხადა ვახტანგ ალანიამ.
„სოფმარის“ დირექტორის ინფორმაციით, დღეისთვის, კომპანიაში 160-მდე ადამიანია დასაქმებული, საიდანაც 60-მდე მძღოლია. იმ შემთხვევაში თუ მდგომარეობა არ გამოსწოდება, ბიზნესმენს თანამშრომელთა გაშვება მოუწევს, რაც კომპანიისთვის ძალიან მტკივნეულია.
„სოფმარის“ თანამშრომლების სამუშაო ადგილების შენარჩუნების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. 1-2 თვის განმავლობაში, იმისთვის, რომ თანამშრომელთა ძირითადი ბირთვი შევინარჩუნო და კომპანია გადავარჩინო, მოგვიწევს, ვიზარალოთ, თუმცა 60 მძღოლს ვერ შევინარჩნებ, რადგან კომპანია გაკოტრდება. ეს 150 000 ლარია თვეში, რასაც 3 თვის განმავლობაში ფიზიკურად ვერ გადავიხდი“, - ამბობს ვახტანგ ალანია.
ბიზნესმენი ფიქრობს, რომ მთავრობამ პროცესები თავიდანვე არასწორად მართა და დასავლეთ საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის შეჩერებამ კომპანიები დააზარალა. მისივე თქმით, ხელისუფლებამ კრიზისის პერიოდშიც უნდა შექმნას საჭირო გარემო, რომელშიც ბიზნესი თავისუფლად იმოქმედებს.
„ვთვლი, რომ პროცესები არასწორად იყო მართული, რადგან დასავლეთ საქართველოში ინფიცირების რაოდენობა ძალიან დაბალი იყო; შეზღუდვებმა კი, ეკონომიკა გააჩერა. ვფიქრობ, აქ არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე დასავლეთ საქართველოში არ ღირდა ეკონომიკის გაჩერება. ეს არის ჩვეულებრივი ეკონომიკური კრიზისი, რომლის გამომწვევ მიზეზებს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი ის მოცემულობაა, რაც გვაქვს. დიდი კრიზისების პერიოდში სხვადასხვა სახელმწიფოს მმართველები ამცირებენ გადასახადებს და ბიზნესებს აძლევენ საშუალებას, მეტად აქტიურები იყვნენ. მთავრობის მხრიდან მეტი სტიმული და თავისუფლებაა საჭირო, რომ ბიზნესმა იმუშაოს. სად არის თავისუფლება, სადაც წელიწადნახევარი ველოდები ახალი საწარმოს ასამოქმედებლად ერთი დოკუმენტის დამტკიცებას, როდესაც პირიქით უნდა ეთხოვათ და საჭირო გარემო შეექმნათ ოღონდ გვემუშავა“, - აცხადებს ვახტანგ ალანია.
ამასთან, „სოფმარის“ დირექტორი ამბობს, რომ დღეს მთავრობის მხრიდან მდგომარეობის გამოსწორების მიზნით უცხოელ ექსპერტებთან თანამშრომლობა დაგვიანებულია.
"უნდა მოეწვიათ გამოცდილი ექპერტები უცხოეთიდან, ახლა რომ მუშაობენ, უკვე დაგვიანებულია, უნდა ემუშავათ თავიდანვე როდესაც კრიზისი იწყებოდა. ჩვენთან პროგნოზირებადი ეკონომიკა არ არის. დღეს მივიღეთ ზომები და რა გავლენას იქონიებს ეს ეკონომიკაზე გარკვეული პერიოდის შემდეგ, ამის პროგნოზს ვერავინ აკეთებს“, - განმარტავს ბიზნესმენი.