მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პანდემიამდე რაჭაში ევროპელი დამსვენებლების წილი გაცილებით მაღალი იყო“ – „სადმელის მარანი“

64c27d2c45218
სალომე ხიდურელი
30.07.23 19:19
469
საქართველოში ტურისტული სექტორის მოლოდინები არ გამართლდა, უცხოელი დამსვენებლების ნაკადი შავიზღვისპირეთის ნაცვლად სამთო კურორტებზე გაიზარდა. რაჭაში კი ტურისტული სეზონი სულ უფრო აქტიურ ფაზაში შედის. როგორც ტურისტული ობიექტის, „სადმელის მარნის“ დამფუძნებელი თათია ბიჭაშვილი BMG-ს გადაცემა „საქმიან დილაში“ აღნიშნავს, რეგიონში ტურისტული აქტივობა აგვისტოს თვეში განსაკუთრებით მზარდია.

„დამსვენებლები ძირითადად უკრაინიდან, პოლონეთიდან, ბელორუსიიდან, ჩეხეთიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან არიან, თუმცა ევროპის ქვეყნებიდან, მაგალითად, გერმანიიდან და ინგლისიდან, ტურისტების წილი პანდემიამდე გაცილებით მაღალი იყო. ვფიქრობ, შესაძლოა, ეს გაძვირებულ ფრენებთან იყოს დაკავშირებული.

მოლოდინი წელს მაღალია, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ წინა წელთან შედარებით განსაკუთრებითაა მომატებული, მით უმეტეს, აგვისტოს თვეში მომართვიანობა ყოველთვის მზარდია. ჩვენს ობიექტზეც, რადგან ჩვენამდე მოსასვლელი გზა ყოველთვის ცუდ მდგომარეობაში იყო და წელს პირველი სეზონია, როდესაც ეს რეაბილიტირდა, ტურისტს საშუალება აქვს, ბევრად უფრო მარტივად მოვიდეს ჩვენამდე“, - ამბობს თათია ბიჭაშვილი.

ტურისტული ობიექტის დამფუძნებლის თქმით, რაჭაში დამსვენებელი (გარდა წარმოშობით რაჭველებისა) 1-2 ღამეს ათევენ, რაც იმით აიხსნება, რომ რეგიონში დიდი სასტუმრო კომპლექსების ნაკლებობაა. ეს იმასაც განაპირობებს, რომ რეგიონს ტურისტები დაბალი და საშუალო სეგმენტიდან სტუმრობენ.

„როდესაც ტურისტი ჩვენთან მოდის და ერთ ღამეს ათევს, ეცნობა ადგილობრივ კერძებს და ნატურალურ ღვინოს, შემდეგ ინტერესდება, კიდევ რით შეიძლება გაერთოს. სწორედ ამის ნაკლებობაა რეგიონში, ობიექტები დაბალ და საშუალო სეგმენტზეა გათვლილი და იმ ტიპის ფუფუნება არ გვაქვს, როგორც, მაგალითად, კახეთში“, - ამბობს ბიჭაშვილი.

რაც შეეხება „სადმელის მარანს“, ბიჭაშვილის განმარტებით, ობიექტი, პირველ რიგში, ღვინის საწარმოა, სადაც ქვევრის ნატურალურ ბუნებრივ ღვინოს აწარმოებენ და სტუმრებს რაჭულ სამზარეულოსაც სთავაზობენ: „რაც შეეხება სასტუმროს, ჩვენ საოჯახო ტიპის დასასვენებელი სახლი გვაქვს, რომელიც სულ 4 ოთახით შემოიფარგლება. თუმცა კერძებისა და ღვინის დეგუსტაციაზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია როგორც უცხოელი, ისე ქართველი ტურისტებისგან“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები