მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პანდემიას ძლივს გადავურჩით. 2-3 წელი სულ ზარალი გვქონდა" - "ჩირიფრუტი"

6370d6b30ed5c
თათია კაკიაშვილი
13.11.22 17:00
497
„პანდემიას ძლივს გადავურჩით. 2-3 წელი სულ ზარალი გვქონდა,“ - ამის შესახებ BMG-ის კომპანია „ჩირიფრუტის“ დამფუძნებელმა სოფო ჯიქიამ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, შეწყდა კომპანიის ერთ-ერთ ძირითად გეგმაზე - საკუთარი საწარმოს მშენებლობაზე საუბარი, თუმცა ეს პანდემიამდელი პერიოდის გეგმა იყო, რომელიც იმის გამო ვერ რეალიზდა, რომ თბილისის მერიისგან სამშენებლო ნებართვა ვერ მიიღეს.

„ჩვენ გვქონდა გეგმა, რომ საკუთარი საწარმო აგვეშენებინა, თუმცა ეს გეგმა შეიცვალა, რამდენადაც თბილისის მერიამ მშენებლობის ნებართვა არ მოგვცა. ამის შემდეგ ამ მიმართულებით სვლა შევწყვიტეთ. მალევე დაიწყო პანდემია, რამაც რთული გამოწვევების წინაშე დაგვაყენა, ფაქტობრივად, წინსვლის საშუალება არ მოგვცა; თუმცა ახლა ვცდილობთ, ისევ „ამოვქაჩოთ“ და ძველ ნიშნულს დავუბრუნდეთ, თუმცა საწარმოს აშენების გეგმა ჯერ ისევ გაჩერებული იქნება,“ - განაცხადა სოფო ჯიქიამ.

სოფო ჯიქია „ჩირიფრუტის“ 2021 წლის შემოსავლების მაჩვენებლების დაკონკრეტებისგან თავს იკავებს, თუმცა ამბობს, რომ პოსტპანდემიური რამდენიმე ზარალიანი წლის შემდეგ, წელს ტურიზმის აღდგენა გაყიდვების მაჩვენებლებზე დადებითად აისახა.

„პანდემიის შემდგომი წლები სულ ზარალი გვქონდა. შარშან შემოსავალი უფრო დასტაბილურდა და ასე თუ ისე გადარჩენის შესაძლებლობა გამოგვიჩნდა. ტურიზმის აღდგენის ფონზე, წელს, იმედი მაქვს, რომ ძველ ნიშნულს დავუბრუნდებით და კომპანიას მეტი შემოსავალი ექნება, თუმცა გამოწვევაა მაღალი ინფლაცია - როდესაც ისედაც ძვირად ღირებულ პროდუქციას თანხა კიდევ ემატება და როცა მაღალგადახდისუნარიანი მოსახლეობა არ გვყავს, რეალიზაცია რთულდება, მაგრამ ვცდილობთ, სოციალური ქსელების მეშვეობით გაყიდვების მაჩვენებელი გავზარდოთ,“ - განაცხადა სოფო ჯიქიამ.

„ჩირიფრუტი“ ქართულ ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდა. კომპანია მომხარებელს საკმაოდ ფართო ასორტიმენტს სთავაზობს: 80-მდე სახეობის ჩირს, ჩურჩხელას, ტყლაპებს, შოკოლადში ამოვლებულ ხილეულს, ცუკატებს, შოკოლადიან კანფეტებს და ა.შ. „ჩირიფრუტის“ პროდუქცია „გალერეა თბილისში“, „სითი მოლში“, „დუტი ფრისა“ და ნიკოლაძის ქუჩაზე მდებარე კერძო მაღაზიაშია ხელმისაწვდომი. სოფო ჯიქიას თქმით, ტკბილეულის ექსპორტზე გატანა, ჯერჯერობით, არ იგეგმება, თუმცა კომპანიის გრძელვადიან სამომავლო გეგმებში - შედის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები