მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"პანდემიის დროს ბევრად უკეთესი სიტუაცია იყო" - "ქართული სტუმარმასპინძლობის ფონდის" ხელმძღვანელი

ვახტანგ კანდელაკი

„ქართული სტუმარმასპინძლობის ფონდის“ ხელმძღვანელის ვახტანგ კანდელაკის განცხადებით, „საქართველოს ბანკი“ ფონდის არა მხოლოდ პირველი ფინანსური მხარდამჭერი, არამედ მისი შექმნის ინიციატორიც არის.

ამის შესახებ ვახტანგ კანდელაკმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, სადაც ფონდის მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ „ქართული სტუმარმასპინძლობის ფონდში“ „საქართველოს ბანკმა“ უკვე გადარიცხა 400 000 ლარი, რაც ნაწილია იმ 5 მილიონი ლარის, რომელიც ბანკებმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო დაზარალებული მოქალაქეების და ბიზნესების მხარდასაჭერად გამოჰყვეს.

"ქართული სტუმარმასპინძლობის ფონდის" დამფუძნებლები ანა კოშაძე და ვახტანგ კანდელაკი არიან. ფონდის დამფუძნებლების შეფასებით, ტურისტების ნაკადის შემცირებამ და არასტაბილურმა პოლიტიკურმა მდგომარეობამ, ამ სექტორში არსებულ კომპანიებს რიგი პრობლემები შეუქმნა.

„პანდემიის დროს ბევრად უკეთესი სიტუაცია იყო, რადგან შეიძლება, მაშინ ქვეყანა ჩაკეტილი იყო და მოძრაობა - შეზღუდული, მაგრამ ვაჭრობა მიმდინარეობდა. დღევანდელ რეალობაში კი და განსაკუთრებით ნოემბერ-დეკემბერში სექტორში სრული უძრაობა იყო; [ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის გამო], ადამიანების ნაწილს არანაირი სურვილი არ უჩნდებათ წავიდნენ, კაფეში, რესტორანში, სასტუმროში დაისვენონ, რადგან მათ სირცხვილის გრძნობა უჩნდებათ, როცა გასართობად ან დასასვენებლად მიდიან.

აქედან გამომდინარე სექტორმა ძალიან დიდი დარტყმა მიიღო და იმის გარდა, რომ დასაქმებულების შენარჩუნების პრობლემა შეიქმნა, პრობლემაა ფინანსური ვალდებულებების დაფარვის, რომელიც კომპანიებს აქვთ ინვესტორის თუ ბანკის წინაშე. ყველა პროცესი გაჩერდა და ერთმანეთს დავუწყეთ თვალებში ყურება... ასეთ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხარდაჭერა, მაგრამ ისინი გვეუბნებიან, რომ თქვენ გეჩვენებათ, თორემ ყველაფერი კარგად არისო... საერთოდ, ჩვენს მთავრობას არჩეული აქვს ძალიან კარგი სტრატეგია - ციფრების ჰაერში სროლა და ხშირ შემთხვევაში, მათი დემაგოგია იმ მასშტაბისაა, რომ შეიძლება, კარგმა ეკონომისტმაც კი დაიჯეროს, რომ თავად ცდება და [მთავრობის ციფრებია მართალი]“, - განაცხადა ვახტანგ კანდელაკმა.

მისივე თქმით,

რაც შეეხება „ქართული სტუმარმასპინძლობის ფონდიდან“ ფინანსური დახმარების მიღების კრიტერიუმებს, როგორც ვახტანგ კანდელაკმა „წერტილთან“ ინტერვიუში აღნიშნა, პირველ ეტაპზე ფონდში განაცხადების მიღება თბილისში მდებარე კვების ობიექტების მფლობელ კომპანიებს შეუძლიათ.

იმისათვის, რომ კომპანია მოხვდეს დახმარების მსურველთა სიაში, ის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
• უნდა ჰქონდეს მინიმუმ 2-წლიანი ფუნქციონირების ისტორია;
• 2023 წლიდან დღემდე იყოს დღგ-ს გადამხდელი;
• ჰქონდეს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა - შპს სტატუსი;
• წლიური ბრუნვა არ უნდა აღემატებოდეს 1 000 000 ლარს.

განმცხადებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციისა და ფონდის შიდა პროცედურების საფუძველზე, ფონდის კომისია განსაზღვრავს კომპანიების ზარალს და შეაფასებს თუ რამდენად ესაჭიროება მას დახმარება.

განაცხადის შევსება 30 მარტის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

დახმარების მსურველებისთვის (შემომწირველებისთვის) შეიქმნა www.ghfund.ge, სადაც ხელმისაწვდომია ყველა სახის ინფორმაცია ფონდის საქმიანობის და განხორციელებული დონაციების შესახებ.

ვახტანგ კანდელაკს იმედი აქვს, „საქართველოს ბანკის“ მსგავსად, მცირე და საშუალო ბიზნესს გადარჩენაში სხვა საფინანსო ინსტიტუტები და მსხვილი კომპანიებიც დაეხმარებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები