მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პანდემიის დროს დაწყებული ღვინის ბიზნესი: „პაკაცოს“ ექსპორტზე გასვლაც სურს

6202aed684389
BM.GE
09.02.22 01:00
2323
ყვარლის რაიონის სოფელ გავაზში ახალი ღვინის საწარმო „პაკაცო“ ამოქმედდა, სადაც საფერავისა და რქაწითელისგან ღვინის წარმოება რამდენიმე თვის წინ დაიწყეს.

მეწარმე შავლეგო პაკაცოშვილი Bm.ge-თან ინტერვიუში განმარტავს, რომ მთლიან წარმოებაში 100 000 ლარის ინვესტირება განხორციელდა, საიდანაც 25 000 ლარი „აწარმოე საქართველოს“ პროექტიდან მიიღეს.
მისივე თქმით, ყოველთვიურად ადგილობრივ ბაზარზე, საშუალოდ 200 ბოთლი ღვინის რეალიზაციას უკვე ახერხებენ.

„პანდემიას მთელი მსოფლიო ებრძვის, ბევრმა ადამიანმა სამსახური დატოვა ან გაუშვეს. ბევრი ბიზნესი გაკოტრდა. პანდემიის დროს ჩვენც სახლში დავსხედით და ვეღარაფერს ვაკეთებდით, ამიტომ მე და ჩემმა ძმამ გადავწყვიტეთ პროექტი დაგვეწერა პროგრამისთვის „აწარმოე საქართველოში“. მართლაც დავწერეთ, მივიღეთ დაფინანსება და დავიწყეთ ღვინის წარმოებაც. მცირე ქარხანა გვაქვს და ვაწარმოებთ საფერავს და რქაწითელს. ჩვენი მთლიანი მოსავალი 50 ტონა ყურძენია. სეზონურად 30-მდე ადგილობრივი დავასაქმეთ“, - აღნიშნა შავლეგო პაკაცოშვილმა.

„პაკაცოს“ დაგემოვნება უკვე უცხოელმა ტურისტებმაც მოასწრეს.

„ტურისტები ჩვენთან გავაზში ძირითადად ევროპის ქვეყნებიდან და ამერიკიდან ჩამოდიან, ადგილზე სინჯავენ ღვინოს და ყიდულობენ. ძალიან მოსწონთ და დიდი დაინტერესებაა. იმედი გვაქვს პანდემია მალე დასრულდება, რომ ტურისტების რაოდენობა გაიზარდოს.

ასევე ღვინის რეალიზაციისთვის, თბილისში მაღაზია გვაქვს და დედაქალაქის მასშტაბითაც ღვინო უკვე ხელმისაწვდომია“, - აცხადებს შავლეგო პაკაცოშვილი.

როგორც მეწარმე ამბობს, მიუხედავად პანდემიისა, გაჩერებას არ აპირებენ. „პაკაცოს“ ექსპორტზე გატანაც იგეგმება: „მომავალში ვფიქრობთ ქისის დაწურვასაც, თუმცა ამ ჯიშის ვენახი ჯერჯერობით არ მაქვს და ალბათ ყურძენს ვიყიდი. გვინდა ღვინის ექსპორტზე გატანაც, თუმცა მცირე წარმოებისთვის ეს ძალიან რთულია. სახელმწიფოსგან ვისურვებდი მცირე ბიზნესის ხელშეწყობას ექსპორტის მიმართულებით“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები