საცალო კვლევისა და საკონსულტაციო ჯგუფის, Coresight-ის პროგნოზით, აშშ-ში 10.000-მე საცალო ვაჭრობის მაღაზია დაიხურება, რაც ახალ რეკორდია იმ ფონზე, როცა Covid–19 პანდემია ინდუსტრიაში კვლავ ზარალის მომტანად რჩება. ინფორმაციას CNBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გასულ წელს, საცალო კვლევისა და საკონსულტაციო ჯგუფმა იწინასწარმეტყველა, რომ 2020 წელს 25,000 მაღაზია დაიხურებოდა, თუმცა პანდემიური წელი სხვაგვარად დასრულდა და სექტორმა მოსალოდნელი რაოდენობის ნახევარზე მეტი მაღაზიის გადარჩენა შეძლო. ანალიტიკოსების თქმით, ამის მიზეზი ის იყო, რომ ზოგიერთმა კომპანიამ მაღაზიებში გაყიდვების ზრდა შეძლო, მათ შორის, ფასკდაკლებების მეშვეობით.
„ველოდებით, რომ 2021 წელს ვაქცინაცია მაღაზიებში გაყიდვების აღდგენას გამოიწვევს. თუმცა, იმასაც ვითვალისწინებთ, რომ მომხმარებელთა რაოდენობის საწყის ნიშნულზე დაბრუნებას და, შესაბამისად, გაყიდვების ზრდას, შესაძლოა, მრავალი თვე დასჭირდეს“, - განაცხადა Coresight–ის აღმასრულებელმა დირექტორმა და დამფუძნებელმა, დებორა ვეინსვიგმა.
დებორა ვეინსვიგის თქმით, თუ მომხმარებლები მეტი თანხის დახარჯვას ელექტრონული კომერციის გზით გააგრძელებენ, ეს მაღაზიების დახურვის კიდევ ერთი მიზეზი გახდება. ამასთან, გარდა საცალო ვაჭრობის სექტორისა, ტანსაცმლის მაღაზიები 2020 წელს 36%-ით შემცირდა, რაც ნიშნავს, რომ პანდემიის გამო აშშ-ში 3000-ზე მეტი მაღაზია დაიხურა.