„ფენშუს“ პროდუქცია, რომელიც მომხმარებელს ხილისა და ბოსტნეულის წვენებისგან, ქართული თხილეულისა და ბელგიური შოკოლადისგან დამზადებულ 100%-ით ნატურალურ ფელამუშის ტკბილეულს სთავაზობს, სამომავლოდ ქსელურ მარკეტებში გამოჩნდება. ამჟამად პროდუქტი ბრენდის „ინსტაგრამ“ და „ფეისბუქ“ გვერდების საშუალებით რეალიზდება
სტარტაპის დამფუძნებელი გვანცა ღვედაშვილი bm.ge-სთან ყვება, რომ ტკბილეულს სახლის პირობებში, სპეციალურად მოწყობილ სივრცეში ამზადებს.
„ფენშუ“ პანდემიის დროს, 2020 წლის ნოემბერში 2 000 ლარიანი პირადი ინვესტიციით შევქმენი, იდეა 2 წლის წინ გამიჩნდა, როდესაც თათარა ფორმაში ჩამოვასხი, მოხალული ნიგვზით გავაფორმე და ოფისში წავიღე, ტკბილეულმა დიდი მოწონება დაიმსახურა. „ფენშუს“ შექმნის იდეა თავში მუდმივად მიტრიალებდა, პანდემიის მოწყენილმა რუტინამ კი განხორციელებისკენ მიბიძგა, ამჟამად ორი ტიპის განსხვავებულ პროდუქტს ვაწარმოებ, ესენია: დიდი „ფენშუ“ თხილეულით და „ფენშუ შოკოლადის სარკალში“, - ამბობს გვანცა ღვედაშვილი.

























