პანდემიის პერიოდში შექმნილმა სტარტაპმა Spacebox-მა, რომელიც მომხმარებელს კოსმოსის იდეაზე შექმნილ იტალიურ ხელნაკეთ შოკოლადსა და ორიგინალურ ყუთს სთავაზობს, სამ თვეში 1000 ყუთი შოკოლადის რეალიზება მოახერხა.
როგორც სტარტაპის დამფუძნებელი ანუკა კაკაბაძე bm.ge-ს უყვება, მათი ბრენდისთვის იტალიურ შოკოლადს ტორტის სახლი „აზზატო“ ამზადებს.
"თითოეულ Spacebox-ს ემოციური ბარათები, ხოლო დღესასწაულებზე დამატებითი დაშტამპული წერილები მოყვება, Spacebox-ი მხოლოდ შოკოლადების ყუთი არ არის, მისი გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა მოგონებისა და ნივთების შესანახად, ყუთს ანალოგი იაპონიაში აქვს, ჩვენ კი გვინდოდა ის ქართველი მომხმარებლებისთვისაც ხელმისაწვდომი ყოფილიყო“ - ამბობს ანუკა კაკაბაძე.
სტარტაპი 7 000-ლარიანი პირადი ინვესტიციით შეიქმნა. Spacebox-ის შოკოლადების ყუთის ღირებულება 36 ლარია, მისი შეძენა ბრენდის ონლაინპლატფორმებზეა შესაძლებელი.
Spacebox-ი სამომავლოდ სტარტაპ კონკურსებში ჩართვას გეგმავს, ბრენდის დამფუძნებლების მიზანია Spacebox-ი შოკოლადის მაღაზიად იქცეს, სადაც მათი მიერ წარმოებული სხვადასხვა დიზაინის შოკოლადი გაიყიდება.