გაყიდვებით მსოფლიოს უმსხვილესი იუველირი Pandora წარმოებიდან მადნებიდან მოპოვებულ ოქროსა და ვერცხლს იღებს და ამიერიდან სამკაულებს გადამუშავებული ძვირფასი ლითონებისგან შექმნის, რადგან ეს პროცესი გაცილებით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს - იტყობინება Reuters-ი.
დანიური კომპანია, რომელიც განსაკუთრებულად ცნობილი ჩარმებიანი სამაჯურის წარმოებით გახდა, ყოველწლიურად 340 ტონა ვერცხლსა და 1 ტონა ოქროს ყიდულობს. Pandora-ს ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, კომპანიის მიწოდების ჯაჭვი 2022 წელს 264.2 ათასი ტონა CO2-ის ემისიაზე იყო პასუხისმგებელი. გადამუშავებული ლითონის გამოყენება კი Pandora-ს არაპირდაპირ ემისიებს ყოველწლიურად, საშუალოდ, 58 ათასი ტონით შეამცირებს.
თუმცა გადამუშავებული ლითონით წარმოებას თავისი გამოწვევებიც ახლავს: არსებობს რისკი, რომ მოპარული ოქრო ბაზარზე გადასამუშავებლად აღმოჩნდეს, ლითონის გადადნობის შემდეგ კი, მისი წარმოების დაზუსტება რთულდება.
რისკების დაზღვევისთვის Pandora “სამკაულების პასუხისმგებლობის საბჭოს” მიერ შემუშავებულ უსაფრთხოების სტანდარტს მიჰყვება, რომლის თანახმადაც, მაგალითად, ოქროს ზოდები და მონეტები გადასამუშავებელ წყაროდ არ ჩაითვლება.
Pandora-ს განცხადებით, დეკემბერში წარმოებული აქსესუარების 100% უკვე გადამუშავებული ძვირფასი ლითონებით იყო შექმნილი. მათივე ინფორმაციით, მოწოდების ჯაჭვის შესაცვლელად კომპანია წლის განმავლობაში $10 მილიონიან ინვესტიციას გამოყოფს და გაწეული ხარჯები სამკაულის ღირებულებაზე არ აისახება.
ბოლო ინფორმაციით, Pandora-მ 2022 წელს 103 მილიონი სამკაული გაყიდა. კომპანია თავის პროდუქტს ტაილანდში არსებულ ორ ქარხანაში აწარმოებს და ვიეტნამში მესამე ქარხნის გახსნაზე მუშაობს. აღსანიშნავია ისიც, რომ Pandora-ს კონკურენტი კომპანიები, Monica Vinader და Missoma უკვე იყენებენ 100%-ით გადამუშავებულ ძვირფას ლითონებს.