მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"პანკისში ბევრი პრობლემაა დაგროვილი, მათი გადაჭრა 1-2 დღეში ვერ მოხერხდება"

5cd556a4916f5
ლევან თაღიაშვილი
10.05.19 14:44
538
პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განმარტებით, საქართველოში ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორის განვითარება ეროვნული ეკონომიკის განვითარებას უნდა უსწრებდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა ვერ შეძლებს სიღარიბის დაძლევას და შესაბამისი რაოდენობის სამუშაო ადგილების შექმნას.

მისივე თქმით, პანკისში ისტორიულად ძალიან ბევრი პრობლემა დაგროვდა, რომლის გადაჭრაც 1-2 დღეში ვერ მოხერხდება და ამას მუხლჩაუხრელი შრომა სჭირდება.

„ყველას უნდა ესმოდეს, რომ ენერგეტიკის განვითარების გარეშე ჩვენ ვერ განვავითარებთ ეკონომიკას. ვერ შევძლებთ სიღარიბის დაძლევას და იმ რაოდენობის სამუშაო ადგილების შექმნას, რაც ობიექტურად გვჭირდება ეკონომიკაში. ორი დარგი: ტრანსპორტი და ენერგეტიკა უნდა უსწრებდეს ეროვნული ეკონომიკის განვითარებას, ჩვენც განსაკუთრებული აქცენტი გვაქვს მასზე გაკეთებული. რაც შეეხება პანკისს, შესაბამისი უწყებები აკეთებენ მომხდარი მოვლენების ანალიზს და საზოგადოებას შევპირდი, რომ როდესაც ის მზად იქნება, მექნება ამაზე კომუნიკაცია. არსებობს რეგიონის განვითარების გეგმა, რომლის შემუშავებაშიც თავად მოსახლეობას აქვს მონაწილეობა მიღებული. პანკისზე საუბრისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ რეგიონში ისტორიულად გვაქვს დაგროვილი პრობლემები საკმაოდ დიდი რაოდენობით. ამ პრობლემებს სჭირდება გადაჭრა, რომელიც ერთ და ორ დღეში შეუძლებელია. მაქვს რწმენა, რომ ეს განვითარების გეგმა კარგად პასუხობს გამოწვევებს“ - განმარტა მან.

პრემიერმა პანკისში მომხდარი მოვლენების შემდეგ ინვესტორებთან ურთიერთობის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველაფერი ძალიან მაღალ დონეზეა. BM.GE-ს კითხვას თუ რა პასუხი აქვს სახელმწიფოს ინვესტორებისთვის პანკისში მომხდარ მოვლენებზე, პრემიერმა საერთაშორისო რეიტინგებში მიღწეული წარმატებებით უპასუხა და აღნიშნა, რომ ენერგეტიკის სექტორში სახელმწიფო უფრო მეტ FDI-ს ელოდება.

„რაც შეეხება ურთიერთობას ინვესტორებთან, ასეთი შემთხვევები არ არის კარგი და მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო. მინდა ყველა დავარწმუნო, რომ ჩვენი ურთიერთობა ინვესტორებთან არის ძალიან კარგი, კონკრეტული, ძლიერი და მაღალ დონეზე, მათ სწამთ საქართველოში ძალიან კომფორტული ბიზნეს გარემოს არსებობის. ჩვენს მიერ ნაჩვენები შედეგები რეიტინგებში ამის პასუხია. რაც შეეხება კონკრეტულად ენერგეტიკას, ჩვენ ველოდებით უფრო მეტ FDI-ს. თუმცა უნდა ავღნიშნო, რომ ენერგეტიკაში ინვესტიციები არ განხორციელდება ეკოლოგიის ან ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების ხარჯზე“ - აღნიშნა ბახტაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები