შრომის უსაფრთხოების ინსპექციის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა, რომ "პანორამა თბილისის" მშენებლობიდან 3 მუშის გადმოვარდნის საკითხზე კონკრეტული დარღვევების გამოსავლენად მოკვლევა მიმდინარეობს.
მისივე განმარტებით, მშენებლობა თითქმის დასრულებულია და ამჟამად ფასადური სამუშაოები მიმდინარეობს. ფერაძის თქმით, მშენებლობაზე სერიოზული დარღვევები არ შეინიშნება და დიდი ალბათობით პროცესი მალე განახლდება.
"ახლა მოკვლევის პროცედურები მიმდინარეობს. სანამ არ აღმოიფხვრება დარღვევები, მანამდე მშენებლობა არ განახლდება. ჩვენ კონკრეტულ ვადას არ ვაწესებთ, ჩვენ ვამბობთ, რომ მშენებლობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, სანამ დარღვევები არ გამოსწორდება. "პანორამა თბილისში" არაა იმ ტიპის შეუსაბამობა, რომ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შეჩერდეს სამუშაოები, აქ მასშტაბური დარღვევები არაა. მშენებლობა დასრულებულია, მხოლოდ ფასადური სამუშაოები მიმდინარეობს", - აღნიშნა მან.
BM.GE "პანორამა თბილისის" წარმომადგენლებსაც დაუკავშირდა, რომლებმაც განაცხადეს, რომ მშენებლობა მომავალ კვირას განახლდება. კომპანიაში განმარტავენ, რომ უბედური შემთხვევა შესაბამისი აღჭურვილობის გამოუყენებლობამ გამოიწვია, რომელიც მშენებლობაზე ხელმისაწვდომი იყო, თუმცა მუშებმა ის საკუთარი ნებით არ გამოიყენეს.
"ჯერჯერობით ველოდებით გამოძიების პასუხს. სავარაუდოდ, მშენებლობა მომავალ კვირას აღდგება, ეს ყველაფერი ხანგრძლივი ვადით არ ხდება. ძალიან მცირედი დარღვევები იყო, თუმცა საბოლოო პასუხი გამოძიების შემდეგ გვეცოდინება. სავარაუდოდ, ადგილზე არსებული აღჭურვილობა მუშებმა საკუთარი ნებით არ გამოიყენეს, რამაც ეს შემთხვევა გამოიწვია", - განაცხადეს კომპანიაში.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ "პანორამა თბილისის" მშენებლობიდან 3 მუშა გადმოვარდა, თუმცა ამჟამად მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

























