რძის მწარმოებელი „პაპას ფერმა“ ახალი საწარმოს მშენებლობას წლის ბოლომდე დაასრულებს. კომპანიამ პროექტი ჯერ კიდევ გასულ წელს დააანონსა. სიახლეებზე BM.GE-სთან საოჯახო ბიზნესის თანადამფუძნებელმა, სოფიკო ტაბატაძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საწარმო თანამედროვე სტანდარტის გათვალისწინებით აშენდა.
„ახალი 200-სულიანი ფერმა უკვე აშენებულია. ამასთან, დაფინანსდა აღჭურვილობაც, რომელიც SQIL პროექტის ფარგლებში განხორციელდა. პროექტის ჯამური ინვესტიცია დაახლოებით 2 მლნ ლარს შეადგენს.
საქონლის სულადობაც გავზარდეთ და ველით, რომ წარმადობა საგრძნობლად გაიზრდება. მანამდე 60-70 სული საქონელი გვყავდა, საიდანაც მეწველი მხოლოდ 50-მდე სული იყო. იქიდან გამომდინარე, რომ ახლა 200 სული საქონელი გვეყოლება, ვვარაუდობთ, რომ წარმადობა 150%-ით გაგვეზრდება. გარდა ამისა, ასორტიმენტში ახალი პროდუქტების - ევროპული ყველისა და რძის პროდუქტების დამატებას ვგეგმავთ, თუმცა ჯერჯერობით წარმოების ზრდაზე ვართ დამოკიდებული“, - აცხადებს ტაბატაძე.
აღსანიშნავია, რომ საოჯახო ბიზნესის მიერ წარმოებული პროდუქცია ონლაინ, ასევე სხვადასხვა გამოფენა-გაყიდვების საშუალებით იყიდება.
„პაპას ფერმას“ დამფუძნებლის ცნობით, იქიდან გამომდინარე, რომ წარმოება მანქანა დანადგარებითაა აღჭურვილი, ფერმა დიდი რაოდენობით კადრებს არ საჭიროებს. ჯამში საწარმო 15-მდე ადამიანს ასაქმებს.
ინფორმაციისთვის, რძის მწარმოებელი კომპანია Grandpa’s Farm ბაზარზე ორი წელია, რაც აქტიურად გამოჩნდა. თუმცა, რძის პროდუქტების წარმოებაში ნახევარ საუკუნოვანი გამოცდილება აქვს. იგი მომხმარებელს ფერმიდან მიღებული ნატურალური, საღი რძისგან დამზადებულ ყველის სამ სახეობას სთავაზობს, როგორიცაა იმერული ყველი, სულგუნი და მოცარელა. კომპანია ხაჭოსა და ნადუღსაც ამზადებს.