რძის მწარმოებელი კომპანია „პაპას ფერმა“ მომავალი წლიდან კონტაქტური ზოოპარკის ამუშავებას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის თანადამფუძნებელმა, სოფიკო ტაბატაძემ BM.GE-სთან ისაუბრა.
მისივე ცნობით, გარდა იმისა, რომ ობიექტი რძის პროდუქტების ნაირსახეობას აწარმოებს, პერიოდულად სხვადასხვა სასკოლო ჯგუფებს და დელეგაციებსაც მასპინძლობს. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მოთხოვნა არსებობს, „პაპას ფერმა“ გაზაფხულიდან კონტაქტური ზოოპარკის სერვისის სახით შეთავაზებას გეგმავს.
„გარდა იმისა, რომ წარმოება გვაქვს, ფერმაში კონტაქტური ზოოპარკის მოწყობას და მის გააქტიურებას ვაპირებთ. გვინდა, ამ სივრცეში სხვადასხვა ტრენინგებიც ჩავატაროთ ვეტერინარიისა და ფერმერული გამოცდილებების შესახებ. ამასთან, გვინდა, ბავშვებს კონტაქტურ ზოოპარკში ტურები შევთავაზოთ.
კონტაქტური ზოოპარკის სერვისად ქცევისთვის უკვე ყველა პირობა გვაქვს. უკვე ვუმასპინძლეთ ბავშვებსაც. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მოთხოვნა არსებობს, გვინდა, სერვისი უფრო გავააქტიუროთ და მასშტაბური გავხადოთ“, - აცხადებს ტაბატაძე.
მისივე ინფორმაციით, კონტაქტურ ფერმაში 1 ადამიანის შესვლა 10 ლარი ღირს. ადგილზე სხვადასხვა კვების შეთავაზებაც შედის, როგორიცაა ფენქეიქები, ხაჭაპურები, კაკაო და სხვა.
ინფორმაციისთვის, რძის მწარმოებელი კომპანია Grandpa’s Farm ბაზარზე ორი წელია, რაც აქტიურად გამოჩნდა. თუმცა, რძის პროდუქტების წარმოებაში ნახევარ საუკუნოვანი გამოცდილება აქვს. იგი მომხმარებელს ფერმიდან მიღებული ნატურალური, საღი რძისგან დამზადებულ ყველის სამ სახეობას სთავაზობს, როგორიცაა იმერული ყველი, სულგუნი და მოცარელა. კომპანია ხაჭოსა და ნადუღსაც ამზადებს.