საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, ლაშა პაპაშვილი BMG-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ არც მთავრობას და არც ეროვნულ ბანკს წლიდან წლამდე ფულადი გზავნილების სტატისტიკის ზრდა არ უნდა უხაროდეს, რადგანაც უცხოეთიდან ყოველთვიურად გადმოგზავნილი ფულის ზრდა პირველ რიგში ქვეყნიდან მუშა ხელის მიგრაციაზე მეტყველებს.
"ჩვენი ყველაზე მთავარი ამოცანა დღეს არის, რომ ქართველი დარჩეს თავის სახლში. დაცარიელებულ სახლზე დიდი უბედურება არ არის. ამდენად, როცა ლარი ფუჭდება, მაშინ მიდის ხალხი საზღვარგარეთ. იქიდან გადმორიცხული ფული აქ საქართველოში რაღაცას ნიშნავს უკვე, 500 ევრო და 700 ევრო. რემიტენსებს რომ ვეძახით, ფულადი გზავნილები მე ძალიან არ მიხარია, რომ იზრდება; წლიდან წლამდე სამწუხაროდ იზრდება. ჩვენი მიმდინარე ანგარიშის ბალანსისთვის ძალიან პოზიტიური რამ არის ეს, მაგრამ მთავრობის არცერთ წევრს ეს არ უნდა უხაროდეს, არც ეროვნულ ბანკს უნდა უხაროდეს ეს. ჩვენ გვირჩევნია, რომ ხალმხა აქ შექმნას პროდუქტი", - ამბობს პაპაშვილი.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოში გადმორიცხული ფულადი სახსრების მოცულობა წლიურად 6.5%-ით გაიზარდა. ზრდა ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებიდან (იტალია, საბერძნეთი, პოლონეთი) და აშშ-დან გადმორიცხვების მატების ხარჯზე მოხდა. მნიშვნელოვანია, რომ 2018 წლის მეორე ნახევრიდან შემცირების ტენდენცია აქვს როგორც რუსეთიდან, ასევე თურქეთიდან მიღებული ფულადი გზავნილების ოდენობას. ეს ტენდენცია 2019 წლის პირველ კვარტალშიც გაგრძელდა.

























