საქართველოს ბიზნესასოციაციის ვიცეპრეზიდენტი ლაშა პაპაშვილი აცხადებს, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკას არ ეთანხმება.
“მე ვერ ვეთანხმები სრულად ეროვნული ბანკის პოლიტიკას, რომ ჩვენი სავალუტო რეზერვის შევსება და ამის გამო ლარის კურსის გაუფასურება, მისაღებია. ეს ჩემთვის მიუღებელია. მით უმეტეს ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც ჩვენ ვართ. შეიძლება ამერიკას, ინგლისს, გერმანიას არ აწუხებთ თავიანთი ლოკალური ვალუტის კურსები, მაგრამ ჩვენნაირი ქვეყნისთვის ლარის კურსის სტაბილურობა უმნიშვნელოვანესია.
იზრდება გზავნილები საზღვარგარეთიდან, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი ახალგაზრდობა და ასე ვთქვათ “დამრტყმელი ძალა” გადის გარეთ და იქ მუშაობს. თუ მე ვუნიშნავ აქ 1000 ლარს ხელფასს, თუნდაც სოფლად და მას შეუძლია 1000 ევრო მიიღოს. ეს მნიშვნელოვანი სხვაობაა, თითქმის სამჯერ მეტია. ამდენად ყველანაირი მოტივი აქვს, რომ გავიდეს საზღვარგარეთ. ამიტომ მე უფრო ადგილობრივი მეწარმის ხელშეწყობისკენ ვარ. თუ ეროვნული ბანკის პოლიტიკას ეთანხმებიან ეკონომიკური ბლოკის მინისტრები, მაშინ კეთილი ინებონ და დაასუბსიდირონ ადგილობრივი წარმოება, რომ მოსახლეობა დარჩეს ქვეყანაში”, - აცხადებს ლაშა პაპაშვილი.

























