Paragraph Tabori და თავისუფლების მოედნის თაბორის მთასთან დამაკავშირებელი საბაგირო ახალი წლისთვის გაიხსნება - ამის შესახებ ინფორმაცია bm.ge-ის ტურიზმის განვითარების ფონდში დაუდასტურეს.
თაბორის მთაზე სასტუმრო Paragraph Tabori-სა და გოლფ კლუბის გახსნა 2023 წლის შემოდგომისთვის იგეგმოდა, თუმცა ვადები დაკორექტირდა.
აღსანიშნავია, რომ პროექტის დასრულების გადავადების გადაწყვეტილება ტურიზმის განვითარების ფონდში სამჯერ მიიღო. თავდაპირველად კომპლექსი 2021 წელს უნდა გახსნილიყო, 2022 წლის ინფორმაციით კი Paragraph Tabori პირველ სტუმრებს მიმდინარე 2023 წლის შემოდგომისთვის მიიღებდა.
მნიშვნელოვანია, რომ თბილისის მერის ინფორმაციით, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 175 მილიონი აშშ დოლარია, მაშინ როდესაც სასტუმროსა და გოლფ კლუბის კომპლექსის საწყისი ღირებულება 86 მლნ დოლარი იყო, 2022 წელს დაკორექტირებული ფინანსური მაჩვენებლებით კი პროექტის განხორციელებისთვის 128 მლნ დოლარი უნდა ჩადებულიყო. შესაბამისად, პროექტის ღირებულება ჯამურად ამ წლების განმავლობაში 89 მლნ დოლარით გაიზარდა.
შეგახსენებთ, რომ თაბორის მთაზე სასტუმროს და გოლფ კლუბის პროექტის შესრულება 2018 წელს დაიწყო. კომპლექსი 402 009 კვ/მ რეკრეაციული ზონას, ლანდშაფტთან შერწყმულ 9-ფოსოიან გოლფის მოედანს, ხელოვნურ ტბას და ჩოგბურთის კორტებს, ასევე 177-ნომრიანი სასტუმრო, საცურაო აუზს, სპა ცენტრს, სავარჯიშო დარბაზს და რესტორანს მოიცავს.
აღნიშნული პროექტი საბაგირო საშუალებით სოლოლაკის ქედზე მდებარე მასშტაბურ პროექტს და თავისუფლების მოედანზე არსებულ სასტუმრო „პარაგრაფ თბილისს“ დაუკავშირდება. პროექტის სრულად დაგეგმარებას და საბაგირო დანადგარებით აღჭურვას ავსტრიულ-შვეიცარიული კომპანია „დოპელმაიერი“ (Doppelmayr) უზრუნველყოფს. მნიშვნელოვანია, რომ 34-გონდოლიან საბაგიროს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქცია ექნება, რომელიც როგორც ტურისტების, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და სწრაფ გადაადგილებას შეუწყობს ხელს.