“პარი სენ-ჟერმენის” უმრავლესი წილის მფლობელი Qatar Sports Investments (QSI) ბელგიის მეორე დივიზიონის კლუბის “KAS ეუპენის” სრულად შესაძენად მზად არის.
გარიგება კვლავ რეგულატორების დამტკიცებას მოითხოვს, თუმცა დასტურის მიღებისთანავე QSI მთლიანად გადაიბარებს ბელგიის “ჩელენჯერ ლიგის“ კლუბს და სრულ ოპერაციულ კონტროლს მოიპოვებს.
QSI-მ სამშაბათს პრესრელიზით ოფიციალურად დაადასტურა, რომ ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს “ეუპენის” სრული შესყიდვის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ ჯგუფი მიიღებს კონტროლს ყველა დაკავშირებულ სპორტულ, კომერციულ და ოპერაციულ აქტივზე.
“ეუპენი” 2012 წლის ივნისიდან კატარის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული Aspire Zone Foundation-ის მფლობელობაში იყო, ორგანიზაციის, რომელიც მიზნად ისახავს სპორტული ტალანტების განვითარებას და კატარის სპორტული იმიჯის გაძლიერებას.
ეს გარიგება QSI-ს საფეხბურთო პორტფელს კიდევ უფრო აფართოებს: კომპანიამ “პსჟ” 2011 წელს შეიძინა, ხოლო 2022 წლის ოქტომბერში პორტუგალიურ “ბრაგაში” მინორიტარული წილიც მოიპოვა. QSI-ს ხელმძღვანელობით “პსჟ” მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს სპორტულ და კომერციულ ბრენდად იქცა. კლუბმა 11 ლიგა 1-ის ტიტული მოიპოვა და 2025 წელს პირველად გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.
QSI-ს განცხადებით, ბელგია ძალიან მიმზიდველ საფეხბურთო ბაზარს წარმოადგენს, ხოლო “ეუპენს” გრძელვადიანი, მდგრადი ზრდისთვის მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს.
“ეუპენი” 1945 წელს დაარსდა და ძირითადად ბელგიის მეორე და მესამე დივიზიონში ასპარეზობდა. 2014-2024 წლებში კლუბი ბელგიის უმაღლეს დივიზიონში გამოდიოდა. 2017-2019 წლებში გუნდის მთავარი მწვრთნელი ყოფილი საფრანგეთისა და ჩელსის ნახევარმცველი კლოდ მაკელელე იყო.
“ეუპენი” ამჟამად ბელგიის “ჩელენჯერ ლიგის“ 15 ტურის შემდეგ ცხრილში მეშვიდე ადგილს იკავებს ლიდერთან 16 ქულით ჩამორჩენით.




























