კვირას, პარიზის მერად სოციალისტი ემანუელ გრეგუარი აირჩიეს. მან მემარჯვენე ფრთის წარმომადგენელი, იუსტიციისა და კულტურის ყოფილი მინისტრი რაშიდა დატი დაამარცხა. ეს არჩევნები საფრანგეთის საზოგადოებრივი განწყობის ბოლო მნიშვნელოვანი გამოცდა იყო მომავალი წლის უმნიშვნელოვანესი საპრეზიდენტო არჩევნების წინ.
48 წლის გრეგუარმა, აქამდე მოქმედი მერის, ენ იდალგოს ყოფილმა მოადგილემ, ხმების დაახლოებით 51% მიიღო, რითაც დაამარცხა დატი, ასევე მემარცხენე კონკურენტი, სოფია ჩიკირუ და დაძაბული რბოლის პროგნოზები გააქარწყლა.
„პარიზმა გადაწყვიტა, თავისი ისტორიის ერთგული დარჩეს“, - განუცხადა გრეგუარმა მხარდამჭერებს და პირობა დადო, რომ წინააღმდეგობას გაუწევდა მემარჯვენეებსა და ულტრამემარჯვენეებს მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ.
საფრანგეთის სიდიდით მეორე ქალაქში, მარსელში, მერის პოსტი სოციალისტებისა და „მწვანეების“ კოალიციამ შეინარჩუნა. ბენუა პაიანმა შეძლო ულტრამემარჯვენეების მზარდი გავლენის შეჩერება და გამარჯვების შემდეგ აღნიშნა, რომ მარსელმა „მშვიდობისა და ერთიანობის გზავნილი“ გაავრცელა.
რაც შეეხება ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე საპორტო ქალაქ ლე ავრს, აქ მერად კვლავ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ედუარ ფილიპი აირჩიეს. მან ხმების 47%-ზე მეტი მიიღო.

























