2019 წლის პირველი იანვრიდან ფილტრიანი სიგარეტის ე.წ. "ადვალური" გადასახადი დღეს არსებული 10%-დან 30%-მდე გაიზრდება, რის შედეგადაც ქვეყანაში ამ პროდუქტის ღირებულება კიდევ გაიზრდება. საქართველოს პარლამენტი აღნიშნულ ნორმას დაჩქარებული წესით განიხილავს და მას კენჭს დღეს ღამით უყრის.
BM.ge-სთან საუბარში ჯანდაცვისა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის ხელმძღვანელები ამ გადაწყვეტილებას თამბაქოს ადგილობრივი მწარმოებლების ინტერესთა დაცვით ხსნიან, რომლებიც ძირითადად უფილტრო სიგარეტს აწარმოებენ.
თამბაქოს მწარმოებლები დღეს აქციზურ მარკასთან ერთად, სახელმწიფოს “ადვალურ” გადასახადსაც უხდიან, რაც თანაბარია ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისთვის. აღნიშნული გადასახადი კოლოფის (20 ღერის) ღირებულების 10%-ს შეადგენს. 2019 წლის პირველი იანვრიდან ფილტრიანი სიგარეტის მწარმოებელს ამაზე სამჯერ მეტი გადასახადის გადახდა მოუწევს.
ადვალური მოსაკრებლის ზრდა ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტის აქციზური მარკების გათანაბრებას უკავშირდება. დღეის მდგომარეობით, კოლოფ ფილტრიან სიგარეტზე აქციზური მარკა 1.70 ლარს, ხოლო უფილტროზე 60 თეთრს შეადგენს. აქციზური მარკების ღირებულების ასეთმა სხვაობამ ბოლო ორი წლის განმავლობაში უფილტრო სიგარეტის მოხმარების მკვეთრ ზრდას შეუწყო ხელი. 2018 წლის ბოლოს საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწვეტილება მომხდარიყო ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტის აქციზის გათანაბრება. თუმცა, აქციზის გათანაბრებასთან ერთად, მთავრობა კონკრეტული ტიპის სიგარეტისთვის "ადვალურ" გადასახადსაც აძვირებს.
BM.ge-სთან საუბარში პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე ამბობს, რომ ფილტრიანი სიგარეტებისთვის ადვალური გადასახადის გაზრდა დროებითი ნაბიჯია.
“აქამდე ორივე ტიპის სიგარეტისთვის მოქმედება 10%-ის ოდენობით აღნიშნული მოსაკრებელი. იმ წინადადებით, რასაც მე დავეთანხმე დროებით ადგილობრივ წარმოებას, რომელიც ძირითადად უფილტრო სიგარეტს აწარმოებს მიეცეს საშუალება გარკვეული გადაწყობის და იმ 1000-მა ადამიანმა არ დაკარგოს სამსახური და იყოს გარკვეული განსხვავება ფილტრიანსა და უფილტრო სიგარეტის ფასს შორის, მაგრამ არა ისეთი დრამატული, როგორიც არის დღეს. ადვალური მოსაკრებელი შედარებით ძვირიანი სიგარეტის შემთხვევაში იქნება უფრო მეტი, ხოლო უფრო იაფიანი სიგარეტის შემთხვევაში უფრო ნაკლები. ამაზეა სუაბარი. კომიტეტმა უკვე დაუჭირა მხარი და ახლა პლენარულ სესიაზე გავა,”- ამბობს ზოიძე.
კითხვაზე თუ რა ვადით მიიღებს პარლამენტი აღნიშნულ ნორმას, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია ამბობს, რომ აღნიშნული ნორმის ვადიანობაზე ჯერ-ჯერობით ზუსტი შეთანხმება მიღწეული არაა. კაკულია ამბობს, რომ მისთვის პრიორიტეტს ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა წარმოადგენს.

























