კონსტანტინ ზატულინის თქმით, იმის გამო რომ, საქართველოს პარლამენტმა უსაფრთხოებისა და პროვოკაციების თავიდან არიდების გარანტია მათ არ მისცა,
რამდენიმე დეპუტატმა საქართველოში ვიზიტისგან თავი შეიკავა.
"მე იძულებული ვიყავი უარი მეთქვა თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობაზე, სწორედ იმიტომ, რომ, როგორც აღმოჩნდა, საქართველოს პარლამენტმა ვერ მოგვცა გარანტია, რომ ჩვენი ვიზიტი საქართველოში ყოველგვარი პროვოკაციის გარეშე ჩაივლიდა და რუსეთის მოქალაქეების ღირსება არ შეილახებოდა. ვიზიტზე უარი არა მხოლოდ მე, კიდევ სხვა რამდენიმე დეპუტატმა განაცხადა’’ - აღნიშნა ზატულინმა "რია ნოვოსტთან" საუბრისას.
მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია თბილისში გუშინ შედგა, მასში მონაწილეობა მიიღო რუსეთის დელეგაციამ, რომელსაც რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი ხელმძღვანელობდა. სხდომა საქართველოს პარლამენტის პლენარულ დარბაზში თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის სავარძლიდან სწორედ გავრილოვმა რუსულ ენაზე გახსნა, რასაც ოპოზიციაში უკმაყოფილება მოჰყვა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წევრებმა ადგილის ბლოკადა მოახდინეს და რუსი დეპუტატებს სხდომის გაგრძელების საშუალება აღარ მისცეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოხდარი რადიკალურ ქმედებებად შეაფასა და აღშფოთება გამოთქვა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ქართული მხარე გუშინ მთელი დღის განმავლობაში აცხადებდა, რომ არ იცოდნენ მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომის დეტალები. მათი თქმით, მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ სესია ბერძენ მომხსენებელს უნდა გაეხსნა.
განვითარებული მოვლენების გამო, საპარლამენტო ოპოზიცია ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასა და მის გადადგომას ითხოვს.
პარლამენტის თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხი გუშინ ასევე დააყენეს თბილისის საკრებულოს წევრმა ვატო შაქარაშვილმაც და "გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.

























