"პარლამენტი, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ TBC ბანკი ნორმანულად მუშაობდეს"
ელენე გოგბერაშვილი
15.02.19 17:30
• 783
"პარლამენტი, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ TBC ბანკი ნორმანულად მუშაობდეს", - ასე ეხმაურება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე პაატა კვიჟინაძე TBC ბანკის გარშე მიმდინარე მოვლენებს.
დეპუტატი bm.ge-სთან საუბარში აქცენტს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში თიბისის როლზე აკეთებს და ამბობს, რომ კარგია, როცა პროცესების შემდგომი მსვლელობისთვის თიბისის დამფუძნებლებმა სამართლებრივი გზა აირჩიეს.
„თიბისი ბანკი“ წამყვანი ბანკია და მის ნორმალურ ფუნქციონირებას დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკისათვის. პარლამენტიც, მთავრობაც ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს ბანკი ნორმანულად მუშაობდეს. რაც შეეხება ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას, სებ-ი არის კონსტრუქციული ორგანო, დამოუკიდებელი. მე მის გადაწყვეტილებას ვერ შევაფასებ, თუმცა მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ პროცესები მიდის სამართლებრივ ჭრილში. მე მომეწონა „თიბისი ბანკის“ განცხადება, რომ ისინი სასამართლოში წავლენ და სხვა გზითაც, სადაც ეს შეიძლება გასაჩივრდეს, გაასაჩივრებენ და დარწმუნებული ვარ. სიმართლე გაირკვევა“, - აცხადებს კვიჟინაძე.
ცნობისთვის: საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის ბადრი ჯაფარიძის გათავისუფლება მოითხოვა, ეს გადაწყვეტილება ორი თვის ვადაში უნდა აღსრულდეს. ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც „თიბისი ბანკმა“ ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოაქვეყნა.
სებ–ის განმარტებით, ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია „თიბისი ბანკის“ შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერსთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება.
„საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.