მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პარლამენტი სასურსათო დარგში საჯარიმო სანქციების გამკაცრების წინანადებაზე იმსჯელებს

5d10a1b17a870
ელენე გოგბერაშვილი
24.06.19 14:09
814
დღეს აგრარულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს საკანონმდებლო წინადადებას, რომელიც „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში“ ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს.

საკანონმდებლო წინადადების ავტორი მოქალაქე ვლადიმერ ბერაიაა.

მისი შეფასებით, საქართველოში დღესდღეობით ძალიან ბევრი უპასუხისმგებლობა ბიზნეს ოპერატორია სასურსათო დარგში, რისი ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი საკანონმდებლო ხარვეზია. კერძოდ, ჯარიმები არის ძალიან მცირე დარღვევებით გამოწვეულ შესაძლო შედეგებთან მიმართებაში.

ამის გამო, ბიზნეს ოპერატორები ხშირად მარტივად იხდიან კონკრეტულ ჯარიმებს, რომელიც უმეტესწილად მიზერულია მათ საერთო შემოსავალთან მიმართებაში.
„რაღაც დროით აღმოფხვრიან კრიტიკულ შეუსაბამობებს და გახსნის შემდგომ ძველ გზას ადგებიან“, - ნათქვამია საკანონმდებლო წინადადებაში.

საკანონმდებლო წინადადების ავტორის განცხადებით, ეს ხარვეზი სერიოზული რისკის შემცველია, რადგან მან შეიძლება უამრავი ადამიანის ჯანმრთელობა დააზიანოს
მოქალაქე მიმართავს პარლამენტს, გადახედოს კანონში გაწერილ ჯარიმებს და კვალიფიციურ ექსპერტებთან ერთად იმუშაოს საკანონმდებლო ხარვეზის აღმოფხვრაზე. კერძოდ, ჯარიმათა საგრძნობლად გაზრდაზე, რაც მისი შეფასებით, შეამცირებს დარღვევათა რიცხვს და ბიზნეს ოპერატორებს მოუწევთ მეტი პასუხისმგებლობით აკეთონ საქმე.

„სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის“ მიხედვით, ბიზნესოპერატორის მიერ მავნე საკვების ბაზარზე განთავსება იწვევს პირის 1000 ლარით დაჯარიმებას. ერთ წელიწადში გამეორებით დარღვევის ჩადენის შემთხვევაში საჯარიმო სანქცია 3000 ლარამდე იზრდება.

200-500 ლარის ფარგლებში დაჯარიმებას იწვევს ტემპერატურული რეჟიმის დარღვევით სურსათის განთავსება.

ცნობისთვის: აგრარულ საკითხთა კომიტეტმა აღნიშნულ საკანონმდებლო წინადადებას მხარი არ დაუჭირა. კომიტეტს თავად საკანონმდებლო წინადადების ავტორი არ ესწრებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები