ერთპარტიული პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის, ასევე, საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციის და დიასპორის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტი განიხილეს.
ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი ორივე სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.
გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, 2026 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 35,5 მილიარდი ლარია, რომლის ფარგლებშიც სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებები.
მთავრობის წარმომადგენლის ინფორმაციით, 2026 წლის განახლებული პროგნოზით, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები ნომინალურ გამოხატულებაში 26 800,0 მილიონი ლარია, რაც 2025 წლის გეგმასთან შედარებით 1 495,0 მილიონი ლარით მეტია.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი 30 290,8 მილიონი ლარის ოდენობით განისაზღვრება, ხოლო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა 30 475,9 მილიონი ლარია.
პროექტის თანახმად: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის გამოყოფილია 1 142,5 მილიონი ლარი და ამ თანხის ფარგლებში: მეწარმეობის განვითარებისთვის გათვალისწინებულია 237,7 მილიონი ლარი; ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის - 49,1 მილიონი ლარი; საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებისთვის - 145,9 მილიონი ლარი; ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის - 222,0 მილიონი ლარი, მათ შორის, 25,0 მილიონი ლარი გათვალისწინებულია შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისთვის საჭირო გეოლოგიური კვლევებისთვის; ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მშენებლობისთვის დაგეგმილია 60,0 მილიონი ლარის გამოყოფა, ხოლო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის საჭირო წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის - 150,0 მილიონი ლარი.
„ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას როგორც პროგნოზების, ასევე, შემოსავლების დაზუსტებაზე. კონსულტაციები გვექნება როგორც სამინისტროებთან, ასევე პარლამენტთან და ვაპირებთ, ნოემბრის ბოლოსთვის ჩამოყალიბებული იყოს ბიუჯეტის ის ვარიანტი, რომელსაც თქვენი მხარდაჭერა ექნება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ.
კომიტეტებმა „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.




























