პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, მიმდინარე წლის ივნისში მაისთან შედარებით, მცირედით გაიზარდა როგორც დეპოზიტების, ისე სესხების დოლარიზაციის მაჩვენებლები.
როგორც საბიუჯეტოს ოფისის ყოველთვიურ მაკროეკონომიკურ მიმოხილვაშია აღნიშნული, 2019 წლის ივნისში დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი 0.4%-ული პუნქტით გაიზარდა და 60.86%-ით განისაზღვრა, სესხებზე დოლარიზაციის მაჩვენებელმა კი, 0.04%-ული პუნქტით მოიმატა და 55.55% შეადგინა.
„წინა თვესთან მიმართებით, 2019 წლის ივნისში გაიზარდა როგორც უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტები (3.7%-ით), ისე ეროვნული ვალუტით განთავსებული დეპოზიტების მოცულობა (2.0%-ით)“, - ნათქვამია ანგარიშში.
რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთებს, ივნისში, წინა თვესთან შედარებით, მცირედით შემცირდა საპროცენტო განაკვეთი როგორც დეპოზიტებზე (0.3%-ული პუნქტით), ისე სესხებზე (0.4%-ული პუნქტით).
2019 წლის ივნისში საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა სესხებზე 11.7% შეადგინა, ხოლო დეპოზიტებზე 5.2%-ით განისაზღვრა. საპროცენტო განაკვეთის სპრედმა (სხვაობა სესხებსა და დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთებს შორის) 2019 წლის ივნისის მდგომარეობით 6.5% შეადგინა, ხოლო წინა წლის ივნისში 6.8%-ს უტოლდებოდა.

























