პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა.
კომიტეტმა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები საგადასახადო კოდექსში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს განიხილა. სხდომის წევრებს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ წარუდგინა.
ცნობისთვის: სალომე ზურაბიშვილის მიერ პარლამენტში წარდგენილ მოტივირებულ შენიშვნებში კი ხაზგასმულია, რომ ეს კანონი წარმოშობს მთელ რიგ რისკებს საქართველოს საინვესტიციო სტატუსის შესახებ. პრეზიდენტის ვეტოში ნათქვამია რომ დარგის ექსპერტთა აზრით, ეს შეღავათი აჩენს შესაძლებლობას, რომ საქართველოში მოხდეს რუსეთის ფედერაციიდან ოფშორებში გატანილი “შავი ფულისა” და აქტივების საქართველოში გადმოტანა, რაც “მნიშვნელოვანი რისკების შემცველია, დააზიანებს და გააუარესებს ქვეყნის საინვესტიციო გარემოს. ასევე როგორც არაერთი სპეციალისტი მიუთითებს, ცვლილებები შესაძლოა იქცეს რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის საბაბად.”
პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში ხაზგასმულია, ოფშორული ზონების საგადასახადო შეღავათები ასევე აწესებს დისკრიმინაციულ მიდგომას ინვესტორების ადგილწარმოშობის მიხედვით, როდესაც ოფშორული ზონის პირი შეღავათით სარგებლობს, სხვა ქვეყანაში დაფუძნებულ პირებს, მათ შორის ქართულ იურიდიულ პირებს კი გადასახადების გადახდა მოუწევთ.