პარლამენტის შიდა ეზოში მცირე პარკების მოწყობა იგეგმება — ამის შესახებ ინფორმაცია ერთპარტიული პარლამენტის აპარატის უფროსმა, კახა ოქრიჯანაშვილმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ბეჟან წაქაძის კითხვის პასუხად გააჟღერა.
სხდომაზე, სადაც პარლამენტის 2026 წლის ბიუჯეტის განაცხადი განიხილებოდა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბეჟან წაქაძემ ეზოს იერსახის გაუმჯობესების აუცილებლობაზე ისაუბრა და კითხვის სახით დააყენა საკითხი, არის თუ არა ეს გათვალისწინებული ბიუჯეტში.
„ძალიან კარგია, რომ ლამაზდება პარლამენტი, იმიტომ რომ სახეა ჩვენი ქვეყნის. შემოსასვლელები ძალიან კარგია, ოთახებიც გარემონტდა და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. მაგრამ შიდა ეზოში რომ შეავლებ თვალს, ძალიან ცუდად გხვდება და ამ ბიუჯეტში გათვალისწინებული თუ არ არის, რამენაირად უნდა გავაკეთოთ, რომ შიდა ეზოს იერსახე იყოს მოწესრიგებული,“ — განაცხადა წაქაძემ.
კახა ოქრიჯანაშვილმა უპასუხა, რომ შიდა ეზოს მოწესრიგება უკვე მიმდინარე წლიდან იგეგმება.
„უკვე წელს ვაპირებთ ეზოში რაღაც სამუშაოების ჩატარებას. მოგეხსენებათ, ფანტანები, რომლებიც არის, არ მუშაობს. აი ამ სივრცეებზე გვინდა, მოვაწყოთ საზაფხულო მცირე პარკები, სადაც ჩვენს თანამშრომლებს ექნებათ საშუალება, რომ შუადღით გამოვიდნენ და შეკრების მცირე ადგილი მოვაწყოთ — სამუშაოსაც რომ არ მოცდნენ, მაგრამ განტვირთვის საშუალებაც რომ მივცეთ,“ — განაცხადა ოქრიჯანაშვილმა.
იქამდე ოქრიჯანაშილმა ბიუჯეტის პარამეტრებზე ისაუბრა, რომელიც მისი თქმით 2025 წელთან შედარებით არ შეიცვლება.
" პარლამენტის ბიუჯეტის 2026 წლის მთავარი პარამეტრები უცვლელია და 2025 წლის პარამეტრებს ემთხვევა. ბიუჯეტის საპროგნოზო მოცულობა 91.5 მლნ ლარით არის განსაზღვრული, ხოლო მომუშავეთა რიცხვი 708 საშტატო ერთეულით. შრომის ანაზღაურების მუხლი არ ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობით შრომის ანაზღაურების საბაზო კოეფიციენტის ცვლილებას და 47.7 მლნ ლარით არის განსაზღვრული. საქონელი და მომსახურების მუხლი დაგეგმილია 31.6 მლნ ლარით და 2025 წელთან შედარებით 2 მილიონი ლარით არის გაზრდილი, რაც გამოწვეულია სტაჟიორთა პროგრამის ამოქმედებით, ოფისის კომუნალური ხარჯების უმნიშვნელო ზრდით და დელეგატი ბიუროების დაფინანსების მცირე ზრდით. გრანტების და სოციალური მომსახურების მუხლი ზრდას არ ითვალისწინებს", - განაცხადა ოქრიჯანაშილმა.




























